Wednesday, October 3, 2012

შემოდგომა

გაზაფხულზე ვამბობდი, წელს შემოდგომას ვეღარ ვეღირსები მეთქი.  ისევ მქონდა გაზაფხულზე პრობლემები  და ისევ გადავრჩი. მე კი მაგრამ მამაჩემი კი ვეღარ მოესწრო შემოდგომას.
  ისეთი ღრმა ტკივილი დამაჩნია წელიწადის ამ დრომ, რომ საბოლოოდ უნდა შემძულებოდა...
    როგორ ვთქვა რომ არ მიყვარს. პირიქით, უფრო გამიღრმავდა. ეს სეზონი ყოველთვის ხელს მიწყობდა  ჩემს თავში ჩავკეტილიყავი და უფრო კარგად შემეგრძნო ბუნება, ამეხედა ცაში და არ მეყურებინა ცოდვილი დედამიწისთვის  შუბლში.. ხო ალბათ წელს უარესი იქნება და ისე შემითრევს თავის წიაღში რომ თავს ვეღარ დავაღწევ. ჩემი ტკივილი ჩამოყვება ყველა წვიმას და ყველა ქარი წაიღებს აღმა-დაღმა სათრევად, რომ ყველა კუთხე-კუნჭულს მოსდოს და მერე ყველგან ეს შემეფეთოს, ტკივილი სახელად მამაჩემი.
  მამა, მამიკო, მამი ისევ ისე მტკივიხარ, როგორც პირველ დღეს, ისევ ისე განვიცდი შენს გვერდით გატარებულ ყოველ ბოლო წუთს. ისევ ისე ველოდები ყოველ წამს, როდის დამირეკავ ან მესიჯს მომწერ, ისევ ისე გამაღვიძებს დილაადრიან შენი ბრახუნი ან ხმა, რომელიც საზუმეს თხოვს დედაჩემს. მინდა რომ ისევ დავინახო ოთახებში მიყრილი შენი ნივთები და უკან გდიო ბუზღუნით თან ვალაგო. არ მინდა შენ მაგივრად სიცარიელე შემომყურებდეს, მინდა ისევ შენ მოგმართო დედიკოს უარის მერე, მინდა თავზე ხელი გადამისვა და მითხრა რომ ჩემით ამაყობ, რომ ნირვანაში გაგდებს ყველაფერი რასაც ჩემით ვაღწევ. მინდა ისევ ბოლო ხმაზე აღრიალო Queen და Pink Floyd და მე ვიყვირო გამორთე მეთქი, მინდა ღამე ისევ შენი ღიღინი მაღვიძებდეს, ჭურჭლის რეცხვის დროს ისევ მეშინოდეს უკნიდან არ მომეპარო.  მინდა ისევ  დამიწუნო შემწვარი კვერცხი ისევ გეხვეწო საჭმელი გამისინჯე მეთქი, ისევ დამიძახო მარიშკა ან სულელი დორი, ისევ იხარხარო ჩემს უბადრუკ ხუმრობებზე, ბოლო წუთამდე ხომ ამას აკეთებდი?!