Friday, January 24, 2014

ჩემი ყოფილი შეყვარებული


(მოგონება ჯერ არ მომხდარიდან)

ტუ.. ტუ..ტუ.. ნაწყევტ-ნაწყვეტ ისმის ტელეფონში
 ყურმილი დამიკიდა ამ გამოსირებულმა
 “არ ცალია” ნაძალადევი ღიმილით  ვეუბნები ჩემი მეგობრების ხროვას და კლუბის შესასვლელისკენ მივერეკები
  წამიხდა ხასიათი, დღემდე ვერ ვხვდები რამ შემაყვარა ეს გოგო... ან ვაფშე მიყვარს კი...
  “ჯერ ბარისკენ წავიდეთ” გამაყრუებლად ყვირის რომელიღაცა.
 დანარჩენებს მივყვები

...

  გძე ტა, შვიდი თვის წინ, გადამღლელი  ორი თვის მერე, როგორც იქნა სწავლისთვისაც მოვიცალე და როცა ჩემს გარდა ყველა დაკავებული იყო, საჯარო ბიბლიოთეკაში წავედი. ადვილი მეჩვენა სახლში წაკითხული კოდექსი, კომენტარებიც ადვილი უნდა ყოფილიყო, თან ტესტებისთვის ზედმეტი თავის ჭყლეტა არაა საჭირო.
  “ნახევარ საათში იქნება თქვენი წიგნი”
  ჩასუქებული ბიბლიოთეკარი  ძლივს გამოეტია დახლს მიღმა კარში.
 ესღა  მაკლდა! დროს მაკარგვინებენ ეს ჩემისები...
 დარბაზი გადაჭედილი იყო ბებერი პროფესორებით, სასულიერო აკადემიის ძალით წიგნიერი ხალხით და ჯიბეგამოხვრეტილი მაღლიველებით.
 მცირე დარბაზში უმინო თეჯირიდან, თვალიშისაცემად განათებული ვაშლი დავინახე... ეს ის საოცნებო ვაშლი იყო ჩემს ჯიბეშიც რომ ისვენებდა მთელი დღე მესიჯობისგან.
 მერე დავინახე მისი პატრონი: ოდნავ მოხრილი, დიდ კაშნეში გახვეული გოგონა ცალი თვალით კომპიუტერში, ცალით წიგნში რომ იყურებოდა... დიდი გულმოდგინება არ ეტყობოდა,  მე კი  პირველივე შეხედვისას რაც ვიფიქრე - ფულიანი იქნება მეთქი... მაშინ კომპიუტერის გარდა არაფერმა მიმიზიდა მისკენ, არც  დახვეწილმა, აკადემიურმა ჩაცმულობამ, არც აკურატულობამ, მხოლოდ ამ მბრწყინავმა ვაშლმა.
 ჩემდა ბედად მის გასწვრივ მერხებზე არავინ იჯდა.
“აქ შეიძლება დავჯდე?”
“აჰა” ისე მითხრა თავი არც აუწევია
“მაშინ დამიკავეთ, არავინ დაჯდეს სანამ წიგნს მოვიტან”
“კარგით” და მაშინ აწია მხოლოდ თავი
  ჩვეულებრივი გოგო იყო, არც მაინცდამაინც გამხდარი, მოკლე, ჟღალი თმა ქონდა, ფერმკრთალი სახე და გულგრილი თვალები...

Hey, I'm sober.

   ნუთუ 93-ში იმიტომ გაჩნდი რომ მე შემყვარებოდი?!
 არა ამის უკან აშკარად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იმალებოდა, მაგრამ მე მაინც შემიყვარდი. არ ვიცი ეს რა მომენტში მოხდა, მაგრამ მოხდა და ამას წინ ვეღარაფერი დაუდგება…
 თურმე სიყვარული ლამაზი ყვავილებიდან, ყურადღებიდან, პაემნებზე სიარულიდან, კოცნიდან, “მიყვარხარ”-ის ძახებიდან მოდის…
  აბა როგორ მოხდა რომ ამის გარეშე შემიყვარდი?
  და თუ შემიყვარდი რატოა რომ 1+1=0
  რატომ არ ვარ მე შენი ანტურაჟის ნაწილი?
და მაინც მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ იმაზე ძლიერ, იმაზე ღრმად და იმაზე უკიდეგანოდ ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო.
 ჩუ! ნუ მეტყვი რომ შენ არ გიყვარვარ, ეს ისედაც ვიცი, ვიცი როგორი ცივი  და ფრიგიდული იქნება ჩემი ცხოვრება შენს გარეშე და მანც არაფერს გთხოვ,  არ გაიძულებ, დავამტკიცებ რომ ნამდვილი, წმინდა სიყვარული მხოლოდ ორ ადამიანში არ სახლობს, მას შეუძლია ერთშიც იცხოვროს, მისი ნაწილისგან განცალკევებით და შორიდან გეფეროს, იზრუნოს შენზე, შეუხებლად კოცნის და კანზე თითების სრიალის გარეშე.
 საამისოდ ძლიერო ვარ!

 მე ამას დავამტკიცებ!

Saturday, January 11, 2014

ორი შობა



ერთი


„დილის შვიდი საათია, ახალი გათენებულია. ძველი წლიდან შემორჩენილ, გაყინულ, ჭუჭყიან თოვლზე წუხანდელი ღამის ანგელოზებს ახალი ბამბის ქულები დაუწყვიათ, თოვლი დევს მავთულის მესერის რომბებში, ქარისგან გადახრილ ეულ ნაძვზე და ხეივანზე. მოშიებული, ჭრელი კატა გულისგამაწვრილებლად ფხაჭნის ფანჯარას.
  სახლში უკვე ანთია ღუმელი, ხმელი შეშა მხიარულად ტკაცუნობს და ოთახებს სითბოთი ავსებს.
  ჩემს დასთან ერთად მძინავს  გაშლილ დივანზე ღუმელის გვერდით, ფანჯრიდან  ფუფა და ნაძვი იჭყიტებიან და გარეთ მიწვევენ.
  „ჰა, გააღვიძე ეხლა, დაგვიანდება“ კარი შემოგლიჯა დათოვლილმა პაპაჩემმა და საბოლოოდ გამომაფხიზლა
  „მოიცა კაცო, ჯერ ხო არ გათენებულა, რომელზე დაიძინეს არ გახსოვს?!“
  ჩვენი შემოსასვლელი ოთახიდან გამავალი ორი კარი და კიდევ ერთი გარეთა ოთახი ბებია–ბაბუას სამი ვაჟის საძინებლებია, კარმოკეტილ ოთახებში ჯერ ისევ სძინავთ ჩემს ორ ბიძა–ბიცოლად და მშობლებს. ბიძაშვილებს და დანარჩენ სტუმრებს დიდ მისაღებ ოთახში.
  შუაღამისას ეკლესიიდან დაბრუნებულებმა ნაადრევად გადაწყვიტეს შობის აღნიშვნა და ახლა ადგომის თავი არავის აქვს.
 „თავიანთ თავს დააბრალონ, თქვენც ადექით პაპლი“ –გაყინულ ხელს მისვამს გაბურძგნულ თავზე
 მხარი მტკივა. ტირილის ნაცვლად სასიამოვნოდ მეღიმება, წუხელ პირველად გამასროლინეს თოფი, ხუმრობა ხომ არაა, 10 წლის ვარ, კლასში ასეთი ბედნიერება ჯერ არავის ქონია.
  პირველი უფროსი ბიძა გამოდის საძინებლიდან, მერე სახლის სიმყუდროვე ირღვევა, საუზმობენ და ყველა თავის საქმეს უჯდება, ქალები სამზარეულოში, კაცები მარანში, საღორეში, წყაროზე, საჩეხეში. მე, ჩემი და და ბიძაშვილი ვრჩებით ღუმელთან. დღის გეგმებს ვაწყობ, გარეთ გასვლას ამჯერად არავინ დამიშლის, თავისუფლად დავაკვირდები ყველაფერს.
  უკანა ეზოში კოცონზე უზარმაზარი წყლიანი ქვაბი დგას, გვერდით შეშის გროვა ყრია, ირაკლი პაპიკოს ბასრი სანადირო დანით თხილის წკნელებისგან შამფურებს თლის, ვიღაც პრიმუსს ამზადებს...
ღორის ჭყვიტინის გამაწვრილებელი ხმა რომ ისმის ჩემი და მშობლების საწოლში ძვრება და ბალიშს იფარებს თავზე, მეც ვცდილობ  ფანჯრის ქვემოთ დავიმალო, რაღაც თავდაცვითი მოქმედებაა, ღორს თუ თვალებში ჩავხედავ მერე იმის გემრიელ მწვადებს როგორ შევჭამ, შემეცოდება.
  ერთი–ორი საათი საინტერესო აღარაფერი მოხდება, ახლა უსაქმოდ დარჩენილებს  გვასაუზმებენ...