Saturday, January 11, 2014

ორი შობა



ერთი


„დილის შვიდი საათია, ახალი გათენებულია. ძველი წლიდან შემორჩენილ, გაყინულ, ჭუჭყიან თოვლზე წუხანდელი ღამის ანგელოზებს ახალი ბამბის ქულები დაუწყვიათ, თოვლი დევს მავთულის მესერის რომბებში, ქარისგან გადახრილ ეულ ნაძვზე და ხეივანზე. მოშიებული, ჭრელი კატა გულისგამაწვრილებლად ფხაჭნის ფანჯარას.
  სახლში უკვე ანთია ღუმელი, ხმელი შეშა მხიარულად ტკაცუნობს და ოთახებს სითბოთი ავსებს.
  ჩემს დასთან ერთად მძინავს  გაშლილ დივანზე ღუმელის გვერდით, ფანჯრიდან  ფუფა და ნაძვი იჭყიტებიან და გარეთ მიწვევენ.
  „ჰა, გააღვიძე ეხლა, დაგვიანდება“ კარი შემოგლიჯა დათოვლილმა პაპაჩემმა და საბოლოოდ გამომაფხიზლა
  „მოიცა კაცო, ჯერ ხო არ გათენებულა, რომელზე დაიძინეს არ გახსოვს?!“
  ჩვენი შემოსასვლელი ოთახიდან გამავალი ორი კარი და კიდევ ერთი გარეთა ოთახი ბებია–ბაბუას სამი ვაჟის საძინებლებია, კარმოკეტილ ოთახებში ჯერ ისევ სძინავთ ჩემს ორ ბიძა–ბიცოლად და მშობლებს. ბიძაშვილებს და დანარჩენ სტუმრებს დიდ მისაღებ ოთახში.
  შუაღამისას ეკლესიიდან დაბრუნებულებმა ნაადრევად გადაწყვიტეს შობის აღნიშვნა და ახლა ადგომის თავი არავის აქვს.
 „თავიანთ თავს დააბრალონ, თქვენც ადექით პაპლი“ –გაყინულ ხელს მისვამს გაბურძგნულ თავზე
 მხარი მტკივა. ტირილის ნაცვლად სასიამოვნოდ მეღიმება, წუხელ პირველად გამასროლინეს თოფი, ხუმრობა ხომ არაა, 10 წლის ვარ, კლასში ასეთი ბედნიერება ჯერ არავის ქონია.
  პირველი უფროსი ბიძა გამოდის საძინებლიდან, მერე სახლის სიმყუდროვე ირღვევა, საუზმობენ და ყველა თავის საქმეს უჯდება, ქალები სამზარეულოში, კაცები მარანში, საღორეში, წყაროზე, საჩეხეში. მე, ჩემი და და ბიძაშვილი ვრჩებით ღუმელთან. დღის გეგმებს ვაწყობ, გარეთ გასვლას ამჯერად არავინ დამიშლის, თავისუფლად დავაკვირდები ყველაფერს.
  უკანა ეზოში კოცონზე უზარმაზარი წყლიანი ქვაბი დგას, გვერდით შეშის გროვა ყრია, ირაკლი პაპიკოს ბასრი სანადირო დანით თხილის წკნელებისგან შამფურებს თლის, ვიღაც პრიმუსს ამზადებს...
ღორის ჭყვიტინის გამაწვრილებელი ხმა რომ ისმის ჩემი და მშობლების საწოლში ძვრება და ბალიშს იფარებს თავზე, მეც ვცდილობ  ფანჯრის ქვემოთ დავიმალო, რაღაც თავდაცვითი მოქმედებაა, ღორს თუ თვალებში ჩავხედავ მერე იმის გემრიელ მწვადებს როგორ შევჭამ, შემეცოდება.
  ერთი–ორი საათი საინტერესო აღარაფერი მოხდება, ახლა უსაქმოდ დარჩენილებს  გვასაუზმებენ...
  „რას გიგავს გოგო თმები...“ მეუბნება ჩემი ბიძაშვილი ნინო და ჩაის მისხამს თან ხითხითებს
„კარაქი აღარ არის?“ – ვიძახი ამის საპასუხოდ და კარამელის კუბიკებს ჩაიში ვყრი
„რა კარაქი გაუძლებდა ამოდენა ხალხს? ყველი მიაყოლე“–ბებიაჩემი ჩემს დას უცივებს ჩაის
გარეთ ღორმა ჭყვიტინი შეწყვიტა, ალბათ უკვე მოკვდა, ახლა გატრუსავენ, გაპარსავენ, გარეცხავენ, მერე მუცელს გაუჭრიან და შიგნეულს ამოაცლიან, პირველად ცხაურზე შწვავენ ელენთას, გამოსადეგ ორგანოებს ქალებს  მისცემენ ყაურმის გასაკეთებლად და მერე ღორის აქნას დაიწყებენ.
 შობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩვენს ოჯახში, ყველა ერთად ვიკრიბებთ, ვზეიმობთ, ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, ყველას ერთად ვხედავ, ვჭამ სადღესასწაულო კერძებს, ჩაროზებს, კარგი იქნებოდა ყველა დღე ასეთი იყოს.
„მარიი..“ ყვირის ვიღაცა
„ბაბო, ვიღაცა იძახის“ ადგილიდან არ იძვრის ნინო
„მარიი!“ გაიმორეს ისევ
„მე მეძახიან“ ჩაის ჭიქას ვდებ და კისრისტეხით გავრბივარ გარეთ
 ინგაა ჩემი მეზობელი, შორეული ნათესავი და მეგობარი, უკან მთელი უბნის ბავშვები ახვევიან
„არ გამოხვალ? ხევაში მივდივართ სასრიალოდ“
„აუ ხოო... დედაა! გარეთ მივდივარ!“ ვყვირივარ და სანამ დედაჩემი „არ წახვიდე!“–ს დაძახებას მოასწრებს ქურთუკის ჩაცმას ვიწყებ.
 უკან ბებიაჩემი მომსდევს ქოთქოთით და ჩემი და ტირილით
„რა გინდა ქალო, დედიკომ გამიშვა“
„ქალო, მოხედე ამ ბავშვს“ –ეძახის დედაჩემს
ვის ანაღვლებს,  დათოვლილ ციგას თოვლს ვაცლი და პლედს ვაფარებ, სანამ უკან ვინმე დამედევნება, ჯგუფის ალყაში ვექცევი და მცირე ხევისკენ მივრბივართ. სახლში სტუმრები მყავს, მე კი გარეთ მივდივარ, მაგრამ ეხლა არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს, წუთიც და თავდაღმართში ვექცევი გაპრიალებული ციგით.
  უკან რომ მოვდივარ, უკვე ყველა უკანა ეზოშია  და პირდაპირ შამფურებიდან ჭამენ მწვადს, ზემოდან არაყს აყოლებენ
„ეს ერთი შენ“ –პატარა, მჭლე ნაწილებით აწყობილ შამფურს მაწვდის მამიკო
ამის შემდეგ დიდი ქეიფი იქნება, საშობაო ქვევრის გახსნა, სარდაფის ჭერის გავსება ბარკლებით, მერე პაპა ღორის თავს შუბლზე დიდ ჯვარს დაასვამს და ძველით ახალი წლისთვის შეინახავს, სალას დაამარილებს, დანარჩენ ხორცს შვილებს გაუნაწილებს და მერე ახალ გოჭს იყიდის მომავალი შობისთვის“



მეორე  შობა


„მარუსი, ადექი გათენდა“ თმებს მიჩეჩავს ირაკლი, რომ გამაღვიძოს.
უჩემოდ ხომ საჭმელს ვერ შეჭამენ...
 შობის დილაა, გარეთ მზის მიუხედავად ყინავს, კედლის საათი თორმეტს აჩვენებს, მე კი ისევ მეძინება, წუხელ ირაკლიმ და გოგამ როგორც წესი ადრიანად დაიწყეს შობის აღნიშვნა, ამიყოლიეს მეც და შედეგი სახეზეა: უსიამოვნო გრძნობა  კუჭში და პირის სიმშრალე.

 ჩვენი დიდი სახლი წელს ისევ ცარიელია, აღარ არის პაპა, არც მამაჩემი, სახლში ცივა, ეზოში გოჭი არ ჭყვიტინებს... ბევრად შეიცვალა ცხოვრება ბავშვობის შემდეგ...
  ტელეფონზე თოთხმეტი წაუკითხავი შეტყობინება მაქვს, მშრალად მილოცავენ შბას, ნიკოლოზა* კი ამატებს რომ საღამოს თავისთან მელოდება.
 ნიკოლოზა კაპანაძეა, დედაჩემის რაღაცნაირი ნათესავი და მამაჩემის ნათლულის ძმა, მე სოფლის თავში ვცხოვრობ, ის ბოლოში, ვარ მასზე ოთხი თვით დიდი და ათი კილოთი პატარა. ვარ მეც მწითური და ისიც. ნიკა ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ნაწილია.
  საღამოს საინტერესოდ გატარება მელოდება.
 ვიწყებთ ჩვენ: მე, ჩემი და, ნიკა და დედამისი. გვემატება ხალხი*, ბოლოს კი გიორგი.*
 
  მთელი საღამო სვამდა „ვზროსლებში“, რომანას ღორის დაკვლაში და ძლივს მოიცალა ჩვენთვის.
  არაჩვეულებრივი დღე გავატარე მათთან ერთად, შუაღამისას მთვრალები წამოვედით ქვემოთ, ვროხროხებდით სოფლის გასაგონად, გვიცურავდა ფეხი, თოვლში ვგორაობდით, ერთმანეთს ვეპატიჟებოდით ქეიფის გასაგრძელებლად...“

პირველად ცხოვრებაში მოხარული ვარ რომ  საკუთარ გონებას ვეხმარები საუკეთესო წუთების დამახსოვრებაში, მომავალ შობას ამას რომ წავიკითხავ  ზუსტად აღვიდგენ ყველა მომენტს ამ დღიდან გამოყოლილს და გამიხარდება.

  მარიამ კილაძე, 8 იანვარი, 2014




ხალხი– სალომე კაპანაძე, მირიან მიქელაშვილი, გიგა კანთელაშვილი, სემჟერი გელაშვილი და კიდე ვიღაც ბიჭი)

გიორგი კაპანაძე– ზედმეტსახელად კაპანაძე, ლაშას ტყუპი ძმა (მსგავსება სულ რაღაც 30%ია) დედაჩემის რაღაცნაირი ბიძაშვილის შვილი და ჩემი მეგობარი, ჩემი ბავშვის მომავალი ნათლიის ტყუპი ძმა და ჩემი ხრუხუნა.

No comments:

Post a Comment