Tuesday, December 31, 2013

New Year's Eve Rush

                   

   ნუ ვუღალატებთ ყოველწლიურ ტრადიციას და წლის ბოლო დღეს ბოლო პოსტი დავწეროთ.

  რით დაიწყო ეს ყველაფერი და სამსახურიდან წამოსვლით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად დილით გვიან გაღვიძებით და ყველა ულოგიკო “ატნაშენიის” უკან მოტოვებით.
  მე თავისუფალი ვარ, აღარაფერი მბოჭავს, ვანებებ დილის მზის სხივს ჩემს შიშველ კანზე თამაშს და საღამოს ყინვას ჩემი ცხვირის გაწითლებას.
  საშობაო განწყობა ქალაქში სულ რამოდენიმე  კვირაა შემოიჭრა, თუმცა მე ეს რამოდენიმე დღის წინ ვიგრძენი, როცა დანიურ სახლში საშობაო აქსესუარებით დახუნძლული თაროების გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი...
  ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდებოდა შობა-ახალი წელი ჩემთვის, ბოლო წლების განმავლობაში თითქოს მოიკოჭლებდა განწყობა... მთავარია თავად შექმნა ის რასაც ინგლისელები christmas spirit-ს უწოდებენ და ის დღესასწაული აუცილებლად იქნება მხიარული და გამორჩეული.
   წლის ბოლოს ალბათ ყველას გელაპარაკებათ თქვენი შინაგანი ხმა თავისი იდეალური დიქციით, ტონით, საჭირო დროს პაუზებით და გეკითხებათ რა მოხდა ამ წელს კარგი და რა მოხდა ცუდი?
  ლოგიკურია, რადგან ამაზე ვლაპარაკობ მეც მქონია ასეთი გასაუბერებები საკუთარ თავთან... ხოდა მოდით ეს წელიც შევაჯამოთ თავისი ტოპ პლიუსებით და ტოპ მინუსებით.


ამ წელს კიდევ ერთხელ მომიწია friend list-ის  რეორგანიზაცია, გული დამწყდა რომ გარკვეული პიროვნებები რომლებიც წინა წელს  ტოპ ხუთეულში იყვნენ საერთოდ ამოვშალე, სამაგიეროდ დანარჩენი ოთხი პოზიცია უცვლელია, მადლობა თქვენ მეგობრებო ამისთვის.
  ამასთანავე შევიძინე ახლები... ამისთვის დიდი მადლობა გიორგი-ორლანდო ნადარაიას...
  ამ წელს როგორც იქნა მოვახერხე და დავამთავრე ჩემი წიგნი, ახლა writers block მაქვს, ალბათ ახალ ვერაფერს დავწერ სანამ კიდევ ერთი წარუმატებელი love story არ შემემთხვევა, ეს ნაბეჭდი ფურცლებიც დანარჩენებივით წიგნების თაროზე იდება მტვრით დახრჩობამდე.
  მარტში ორი თუ სამი კვირით გავაუქმე fb, თავი მაგარი ტიპი მეგონა, არ ვარ მასზე დამოკიდებული მეთქი, სინამდვილეში კი ხელები მექავებოდა როდის აღვადგენდი ექაუნთს.
 ჩავწვდი რამოდენიმე ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას, რომლებიც აქამდეც ვიცოდი თუმცა ვცდილობდი გულთან არ მიმეშვა. დავრწმუნდი ფულის ძლიერებაში, რომ მხოლოდ ამაშია ბედნიერება და ძალიან გთხოვთ ნუ შემედავებით, ამას მაშინ მივხვდი ჩემი პირველი ხელფასი, სამ დღეში რომ შემომეფლანგა და ლამის ტირილით გამოვედი ვოგის მაღაზიიდან;
 აღმოვაჩინე რომ სიყვარული ან ეროსია ან ფილოსი ან აღაპი, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაზე იშვიათად ჩნდება;
  ყველაზე ბანალური და ჩემთვის ყველაზე მიუღებელი გზით გავიცანი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ალბათ ცოტა ხნით, თუმცა მაინც სასიამოვნოა ვიღაც, წუთის წინ ტელეფონზე ლაპარაკის მერე facebook-ზე შესვლისთანავე რომ მოგწერს - გელოდებოდიო. წამითაც კი არ გაიფიქროთ რომ შეყვარებული ვარ, მე ვიცი რომ ეს არ მოხდება, ასე არ გავბანალურდები...
 ამ წელს აღმოვაჩინე რამოდენიმე ახალი მომღერალი, რომლებიც ჩემი iPod-ის პლეილისტებში საპატიო ადგილებს იკავებენ;
  წელს ვიზარმაცე, შედეგი დაბალი ქულები ჩემზე საშინლად აისახა, მომიწია მოტყუება რამოდენიმესი და სირცხვილი ჩემი თავის გამო;
  აღმოვაჩინე რომ ლამაზი ვარ. საკუთარ თავზე შეყვარებული გოგოს კომენტარი არ გეგონოთ, უბრალოდ მთელი 20 წლის განმავლობაში საკუთარ სიმახინჯეში დარწმუნებულმა მარუმ აღმოაჩინა რომ სულაც არაა ისეთი უშნო... ამან პირველ რიგში შვება მომგვარა, რადგან თუ დილით სარკეში ჩავიხედები და საკუთარი თავი მომეწონება მერე მთელი დღე კარგად მიდის, ყველაფერი გამომდის;



 რა მასწავლა ამ წელმა?

 ცოტა ისეთი კითხვაა, უხერხული, ახალი არაფერი უსწავლებია, ყველაფერი ვიცოდი, ოღონდ ამისი გატესტვა და პრაქტიკაში დანერგვა იყო საჭირო. ვიცით რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა  საქმეს პასუხისმგებლობით მივუდგეთ, ვიშრომოთ, დილით რომ დაღლილებმა არ გავიღვიძოთ ადრე უნდა დავიძინოთ, წონა რომ შევინარჩუნოთ ცოტა უნდა ვჭამოთ, ამის განხორციელება რეალობაში კი ყველას გვეზარება, ამის ნაცვლად ვწუწუნობთ რომ მსუქნები ვართ, არაფერი გამოგვდის, ცხოვრება თავზე გვენგრევა და ა.შ.

    ახლა დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე ცოლი გავხდები ყველანაირად შევეცდები მისი ერთანობის შენარჩუნებას, რაც არ უნდა მოხდეს... ამას მეგობრებისადმი ჩემი დამოკიდებულებით ვხვდები. კურსზე ამ სამი წლის განმავლობაში, უამრავმა შეიცვალა მეგობრები, ჩვენი ოთხეულიც ხშირად იყო ბზარის ქვეშ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი ეს ბზარები დანგრევამდე არ მისულიყო, ამის შედეგი ისაა, რომ ჩვენ კაფეში ისევ ოთხნი ვზივართ და ძველებურად ვკენწლავთ ერთმანეთს.
 თავად თუ არ შეუწე ხელი ურთიერთობას ისე თავზე დაგენგრევა ყველაფერი

 მარუ ოსკარზე.

   ამ წლის კიდევ ერთი პლიუსია ის რომ ჩემი ბლოგი ისევ ცოცხალი და ჯანმრთელია, ამისთვის მინდა რამოდენიმე მადლობის სიტყვა ვთქვა:
 მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ვიზიტორს, რომეიც წელს ჩემს ბლოგს ესტუმრა
 ვინც ერთი პოსტი მაინც წაიკითხა, ან არ ვიზუალი დაინახა თუ არა უკანვე გავარდა;
მადლობა ყველას ვინც ლაიქები გააკეთა, კომენტარი დატოვა ან დაეზარა და არ დატოვა;
 მადლობა ყველას ვინც ჩემს პოსტებს ელოდა, მოსწონდა ისინი ან არ მოსწონდა;

 მადლობა ყველას ვინც ბიძგს მაძლევდა ჩემი ბლოგისთვის არსებობა შემენარჩუნებინა.

 მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ყველა მეგობარს, ყველას ვისაც ყოველთვის მახსენდება მიჭირს თუ მილხინს, ვისაც შემიძლია რჩევისთვის მივაკითხო ან უბრალოდ მოვუყვე ჩემი ამბები;

 მადლობა ჩემს “ბავშვს” რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და თვითდაჯერებულობა შემმატა, მადლობა მას იმისთვის რომ ჯერ ისევ ბავშვია, როგორც არ  უნდა კაცად მომაჩვენოს  თავი, მან მე ამით ასაკი ჩამომფერთხა მხრებიდან;

 მადლობა დედაჩემს და მამაჩემს ფინანსური და ფსიქოლოგიური დახმარებისთვის;
 
  მადლობა ჩემს ბიძაშვილს ნინოს და დეიდაშვილს ნათიას ახალი კოლექციებით უზრუნველყოფისთვის;

  მადლობა Hurt-ს, Loudspeaker-ს და კიდევ ასობით მომღერალს რომლებიც ყოველ დღეს მუსიკალურად მიფორმებენ;
 
 

 მადლობა ყველას ვისაც ყოვე დღე ვხვდები და ვუღიმი (ძალით ან მართლა), 

 მადლობა რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობთ.


ასეთ მხიარულ ხასიათზე გემშვიდობებათ
 თქვენი ბლოგერი მარუ 2013 წელს


2 comments: