Thursday, September 17, 2015

ჩემი სოფელი (ნაწილი 1)

ცხინვალის გზის 21-ე კილომეტრზე, ბერძნულ სამლოცველოსთან თვალუწვდენელი მინდვრები იწყება. მინდვრებს შუა საურმე, წლების მანძილზე გატკეპნილი გზა მიიკლაკნება და კოლმეურნეობის ყოფილ მიწებს ორად ყოფს.
  გაზაფხულზე აქაურობა ხალხით ივსება, მიწისკენ თავწარგულები ლობიოს, სიმინდის და ხორბლის ლებნებს მიწის გულში ღრმად მარხავენ რომ გვიან მაისში თოხის ქნევით ხელებზე წყლულები დაასხდეთ.
 ზაფხულის შუაში მზისფერად აბრდღვიალებული ყანები უხვად აფრქვევენ გასალეწად გამზადებული ხორბლის სუნს, გამომშრალი თავთავები ძირს წვებიან ქარის ყოველ წამოქროლებაზე და თავს უხრიან მას. თვის ბოლოს სისხლისფერი მგელივით სერზე გადმომდგარი მეწამული კომბაინი ერთიანად გადაჭამს ყანას და ზვინებად დაახვავებს ოქროსფერ მარცვლებს. მზის სიყვითლე მალე  ნახშირის სიშავედ შეიცვლება- ბზის ნარჩენებს გადაწვავენ რომ მიწა საზამთროდ მოამზადონ.

Thursday, September 4, 2014

ჩემი შვილი

  მე რომ ისეთი შვილი მეყოლოს როგორიც მინდა, სავარუდოდ უნდა "შევჯვარდე" ქერათმიანთან და ცისფერთვალებასთან, რომელიც განათლებული იქნება, კარგად აღზრდილი და წყნარი, რადგან ხასიათი მე არაფრად არ მივარგა.


ჩემი შვილი ხასიათით, ცხვირით და თვალებით მამას უნდა გავდეს, სიცელქე და თმა დედის უნდა ქონდეს, ანუ მოდით და ერთად გავიცნოთ მარუს ოცნების შვილი.
   გოგონამ, რომელიც ზამთრის თოვლიან ღამეს უნდა დაიბადოს უნდა იტიროს დაბადებისთანავე და დერეფანში მდგომ მამას საკუთარი ხმა ისე გააგონოს რომ მან სიხარულისგან იტიროს და ინკუპატორში პირველი ნახვისთანავე გააფიქრებინოს "თმა დედის ექნება, თვალები მამის".
  ადრეული ასაკიდანვე ლილის დედიკო, ბებიკოს აფთიაქიდან მოტანილ "ზნის წამალს" დაალევინებს რომ მშვიდი და გაწონასწორებული გოგო გაიზარდოს, ამის მიუხედავად როცა ოთახში წყნარად იქნება უნდა ვშიშობდე რომ რამეს აფუჭებს, უნდა მიწვრილებდეს გულს "მეც მომეცი ცომი" "მამიკოს ყავას მე გავუკეთებ" "მაგიდას მე გავშლი", ვბრაზდებოდე მაგრამ მაინც მიხაროდეს რომ უკვე დიდი გოგოა.
   დასჯის შემდეგ კუთხეში იქამდე იდგეს სანამ მხსნელი მამიკო უკნიდან არ მიეპარება და ხელში აი აიტაცებს გაბუტულს, მერე ივლის მასთან ერთად მაღაზიებში ტანსაცმლის საყიდლად, ერთად შეარჩევენ კაბებს, რომლებსაც სოფელში, მაისში, ყვავილებით მოჩითულ მინდორში ჩაიცმევს და თავზე გვირილების გვირგვინს დაიდგამს.
  ჩემი შვილი, ჩემი შვილი, აბსტრაქტული ვიღაცა რომელსაც წითური თმა, ჭორფლი და ალუბლისფერი ტუჩები ექნება და მშობლების სანუკვარი შვილი იქნება.

Friday, March 7, 2014

Little Bit Of A Feminism

ვაქვეყნებ დრაფტში ჩაგდებულ ნაწერს, რომელიც ვფიქრობ თემატურია.
  
"მიყვარს იმაზე ფიქრი რომ ვარ ფემინისტი. თუმცა დიდი დრო დამჭირდა ამის შესაგნებად. იყო დრო როცა ფემინისტს დამიძახებდნენ ვღიზიანდებოდი, მართლა არ მეგონა ჩემი თავი ქალების უფლებების თავგადაკლული დამცველი...  და კიდევ იმიტომ რომ არასწორი განმარტება მქონდა ფემინიზმისა.
  დებატებში საშინელი ვარ, ვინმე რომ კონტრას მიკეთებს მე მაშინვე თავგზა მებნევა, როგორც არ უნდა დარწმუნებული ვიყო ჩემს აზრში, მყარი არგუმენტები მქონდეს და ა.შ... ერთი სიტყვით I’m just a little bit awkward.
  ფემინისტი ისეთი უნდა იყოს... აი, ნაკითხი რომ ყოველგვარი ტექსტბოქსების და გუგლის გარეშე მოიყვანოს საჭირო არგუმენტები  ფემინისტური თეორიიდან, და საკუთარი აზრი ქონდეს ყველა თემაზე და არა სხვებისგან დასესხებული ფრაზები.
 მაგრამ მე ეს ყველაფერი არ მქონია...
  სხვაგვარად რომ ვთქვათ მინდა მადლობა მოვუხადო ჩემს საშინელ კრახებს  დებატებში და სრულ უცოდინრობას  რომ მიმიყვანეს უკიდურესობამდე და მერე ნათელ მხარეს გადამაგდეს.
  მერე აღმოვაჩინე რომ სულით ვიყავი ფემინისტი, რომ დავაკონკრეტო საკუთარი ხედვა მაქვს ფემინიზმისა: ყველა იმსახურებს ერთნაირი მოპყრობას განურჩევლად გენდერისა , რელიგიისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა და ყველა დანარჩენი  კატეგორიებისა, რომელსაც ჩვენი “ზნეობრივი” საზოგადოება აწესებს, არ მჯერა განსხვავებებისა გენიტალიების შორის და არც უფლებებს შორის.
 თუ გჯერათ თანასწორობის, მაშინ თქვენც ჩემსავით ფემინისტი ხართ. თუ გჯერათ რომ ადამიანთა გაუპატიურება საშინელი დანაშაულია, დისკრიმინაცია არასწორია და ძალადობა გაუმართლებელი, თუ გჯერათ რომ მიუხედავად სხვა ანატომიური თუ ფსიქოლოგიური განსხვავებებისა თანაბრად შეიძლება მოეპყრო ყველას, მაშინ, თქვენ, ჩემო მეგობარო ფემინისტი ხართ, მაშასადამე კარგი პიროვნება და მე თქვენ მომწონხართ.
 ყოველ დღე, სამსახურში ვხედავ დისკრიმინაციას, ეს არაა რასობრივი, არც რელიგიური, ეს სქესობრივი დისკრიმინაციაა.  ექვსი ქართველი კაცი, სულით ქართველი, რომელსაც ყველაფერი ძველი კარგად აქვს გამჯდარი სულში, მამამისის თავკომბალასთან ერთად გადაეცა ისე ეპყრობა ორ ქალს როგორც შინაურ ცხოველს.
  მე ვგმობ ძალადობას ქალების მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებ ყველას.

 რა არის მიზეზი ჩვენსა და კაცებს შორის  ასეთი მტრობისა? ის რომ ერთმანეთს არ უსმენენ? ის რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებენ? ქათინაურებით და  ტკბილი საჩუქრებით? თუ სიყვარული, რომელიც მათ დასაკავშირებლადაა მოგონილი?
  ყველა ქალი ფემინისტია. მე არ ვგულისხმობ რადიკალურ ფემინისზმს, მისი წარმომადგენლები უაზრო, უმიზნო აქციებს რომ მართავენ სოციუმის "ასაგდებად" და თავიანთი თავის გასაპიარებლად, ვგულისხმობ ლიბერალურ ფემინიზმს, არც ერთს არ მოსწონს როცა მასზე მბრძანებლობენ ან ცუდად ექცევიან. მე ლიბერალი ფემინისტი ვარ, ეს სულ სხვა რამეა, გენდერულ თანასწორობაზეა ლაპარაკი თანაბარ უფლებამოსილებაზე. თუმცა აღსანიშავია ის რომ თანამედროვე საზოგადოებაში თანდათან უფრო ნაკლებად აქტუალური ხდება ეს თემა რადგან ზემოთაღნიშნული ვირების რიცხვი საგრძნობლად იკლებს და ეს ძალიან სასიხარულოა."

Tuesday, February 4, 2014

სტატუსების ადრესატს!

                                  Olivia Newton- Hopelessly Devoted yo you

“ადამიანის ჩვევა შეჩვევაა 
  და ამიტომაც გადაეჩვევა.”


  ახლა აღარც შენს მოლოდინში გალეული საღამო მადარდებს, აღარც ჩემი ზედმეტი კილოგრამები და აღარც მწველი ყინვა გარეთ როა,
 თუმცა ეს ყველაფერი საზიზღარ ხასიათზე მაყენებს, სამყაროს გადაშენების მსურველთა სიაში ვდგები და  ამ წუთას არც მრცხვენია რომ მეც იქ ვარ.
 არც იმის გაგება მინდა რა არ გაკმაყოფილებთ ჩემი, რა არ გყოფნით, რა არ მოგწონთ.
  ალბათ შეცდომით სხვა საუკუნეში დავიბადე, ალბათ სადღაც რომანტიზმში უნდა გავჩენილიყავი, გრძელი პასუხებით დამძმებული დიალოგების და წერილებით ახსნილი სიყვარულის ეპოქაში “ქალბატონო მარიამ, ბალზე დაგინახეთ და მგონი შემიყვარდით” არავინ მიაქცევდა ყურადღებას უხეშ ნაკვთებს და ჩამრგვალებულ თეძოებს, მაშინ ხომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
  არა მე უნდა დავთვრე და ფეხშიშველმა გარეთ მოყინულ თოვლზე ვირბინო, გავხსნა წლების წინ შენახული კონიაკის ბოთლი და მისი სიცხე ვენებში გავუშვა.
  საკუთარ თავზე ვბრაზდები,  კონტროლი რა დროს დავკარგე საკუთარ გონებაზე ვერ ვხვდები, რომელ მომენტში სად გამეპარა ეს შეცდომა, არადა მეგონა ამჯერად თავად ვიქნებოდი დომინიონი და მე წავმართავდი მთელ ამ სისულელეს.
  ვეღარ პოულობ უკვე სიტყვებს, ჩუმდები და რაღაცას ნანობ, და მე  გული მეწურება რომ თავდაპირველი, ნორმას გადაცდენილი საუბრები სადღაც გაქრა, მრცხვენია რომ ზედმეტად მარტივი, ზედმეტად ბანალური გავხადე ჩემი ყოველი სიტყვა... ალბათ მართალია, რომ კაცს მანამდე  აინტერესებს ქალი, სანამ ის მიუწვდომელია, თუ გაიხსნება, ამოაცლის მარგალიტს და მერე მიატოვებს, როცა მისგან ყველაზე კარგს მიიღებს. ალბათ ეგაა ჩემი პრობლემა, ყოველთვის ზედმეტად ხელმისაწვდომი ვარ ყველასთვის, თავად ვთხზავ გროტესკულ ისტორიებს, მერე ამით ვცხოვრობ და როცა რეალობას ვეჯახები, მტკივა და ძვლებში ვიმსხვრევი, მეცლება ყველა ენერგია და მკლავს.


 დავიღალე!
 დავიღალე ამ გაურკვევლობით ჩემს ცხოვრებაში;
 დავიღალე ამ შეცდომებით;
 დავიღალე სხვისი გადაღლილი სახეებით, მე ჩემიც მყოფნის;
 დავიღალე ყინვით, სხვისი ბედნიერების ყურებით, ძალით გაღიმებით, “ყველაფერი კარგადაა”-თი;
 ლოდინით დავიღალე...
 გადავიღალე შეჩვევებით, გადაჩვევებით, დავიწყებებით, გახსენებებით,   დავიღალე მადლობებით, დაფასებებით, შეფასებებით, ჩამოფასებებით;
 დავიღალე სწორი ხაზებით ჩემს ცხოვრებაში, ნულს ქვემოთ მყოფი შეფასების კრიტერიუმებით;
 შენით დავიღალე!..


 ( პოსტს შენს სახელზე ვაქვეყნებ, თუმცა მიანც იმედი მაქვს რომ ვერ ნახავ.)



Friday, January 24, 2014

ჩემი ყოფილი შეყვარებული


(მოგონება ჯერ არ მომხდარიდან)

ტუ.. ტუ..ტუ.. ნაწყევტ-ნაწყვეტ ისმის ტელეფონში
 ყურმილი დამიკიდა ამ გამოსირებულმა
 “არ ცალია” ნაძალადევი ღიმილით  ვეუბნები ჩემი მეგობრების ხროვას და კლუბის შესასვლელისკენ მივერეკები
  წამიხდა ხასიათი, დღემდე ვერ ვხვდები რამ შემაყვარა ეს გოგო... ან ვაფშე მიყვარს კი...
  “ჯერ ბარისკენ წავიდეთ” გამაყრუებლად ყვირის რომელიღაცა.
 დანარჩენებს მივყვები

...

  გძე ტა, შვიდი თვის წინ, გადამღლელი  ორი თვის მერე, როგორც იქნა სწავლისთვისაც მოვიცალე და როცა ჩემს გარდა ყველა დაკავებული იყო, საჯარო ბიბლიოთეკაში წავედი. ადვილი მეჩვენა სახლში წაკითხული კოდექსი, კომენტარებიც ადვილი უნდა ყოფილიყო, თან ტესტებისთვის ზედმეტი თავის ჭყლეტა არაა საჭირო.
  “ნახევარ საათში იქნება თქვენი წიგნი”
  ჩასუქებული ბიბლიოთეკარი  ძლივს გამოეტია დახლს მიღმა კარში.
 ესღა  მაკლდა! დროს მაკარგვინებენ ეს ჩემისები...
 დარბაზი გადაჭედილი იყო ბებერი პროფესორებით, სასულიერო აკადემიის ძალით წიგნიერი ხალხით და ჯიბეგამოხვრეტილი მაღლიველებით.
 მცირე დარბაზში უმინო თეჯირიდან, თვალიშისაცემად განათებული ვაშლი დავინახე... ეს ის საოცნებო ვაშლი იყო ჩემს ჯიბეშიც რომ ისვენებდა მთელი დღე მესიჯობისგან.
 მერე დავინახე მისი პატრონი: ოდნავ მოხრილი, დიდ კაშნეში გახვეული გოგონა ცალი თვალით კომპიუტერში, ცალით წიგნში რომ იყურებოდა... დიდი გულმოდგინება არ ეტყობოდა,  მე კი  პირველივე შეხედვისას რაც ვიფიქრე - ფულიანი იქნება მეთქი... მაშინ კომპიუტერის გარდა არაფერმა მიმიზიდა მისკენ, არც  დახვეწილმა, აკადემიურმა ჩაცმულობამ, არც აკურატულობამ, მხოლოდ ამ მბრწყინავმა ვაშლმა.
 ჩემდა ბედად მის გასწვრივ მერხებზე არავინ იჯდა.
“აქ შეიძლება დავჯდე?”
“აჰა” ისე მითხრა თავი არც აუწევია
“მაშინ დამიკავეთ, არავინ დაჯდეს სანამ წიგნს მოვიტან”
“კარგით” და მაშინ აწია მხოლოდ თავი
  ჩვეულებრივი გოგო იყო, არც მაინცდამაინც გამხდარი, მოკლე, ჟღალი თმა ქონდა, ფერმკრთალი სახე და გულგრილი თვალები...

Hey, I'm sober.

   ნუთუ 93-ში იმიტომ გაჩნდი რომ მე შემყვარებოდი?!
 არა ამის უკან აშკარად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იმალებოდა, მაგრამ მე მაინც შემიყვარდი. არ ვიცი ეს რა მომენტში მოხდა, მაგრამ მოხდა და ამას წინ ვეღარაფერი დაუდგება…
 თურმე სიყვარული ლამაზი ყვავილებიდან, ყურადღებიდან, პაემნებზე სიარულიდან, კოცნიდან, “მიყვარხარ”-ის ძახებიდან მოდის…
  აბა როგორ მოხდა რომ ამის გარეშე შემიყვარდი?
  და თუ შემიყვარდი რატოა რომ 1+1=0
  რატომ არ ვარ მე შენი ანტურაჟის ნაწილი?
და მაინც მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ იმაზე ძლიერ, იმაზე ღრმად და იმაზე უკიდეგანოდ ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო.
 ჩუ! ნუ მეტყვი რომ შენ არ გიყვარვარ, ეს ისედაც ვიცი, ვიცი როგორი ცივი  და ფრიგიდული იქნება ჩემი ცხოვრება შენს გარეშე და მანც არაფერს გთხოვ,  არ გაიძულებ, დავამტკიცებ რომ ნამდვილი, წმინდა სიყვარული მხოლოდ ორ ადამიანში არ სახლობს, მას შეუძლია ერთშიც იცხოვროს, მისი ნაწილისგან განცალკევებით და შორიდან გეფეროს, იზრუნოს შენზე, შეუხებლად კოცნის და კანზე თითების სრიალის გარეშე.
 საამისოდ ძლიერო ვარ!

 მე ამას დავამტკიცებ!

Saturday, January 11, 2014

ორი შობა



ერთი


„დილის შვიდი საათია, ახალი გათენებულია. ძველი წლიდან შემორჩენილ, გაყინულ, ჭუჭყიან თოვლზე წუხანდელი ღამის ანგელოზებს ახალი ბამბის ქულები დაუწყვიათ, თოვლი დევს მავთულის მესერის რომბებში, ქარისგან გადახრილ ეულ ნაძვზე და ხეივანზე. მოშიებული, ჭრელი კატა გულისგამაწვრილებლად ფხაჭნის ფანჯარას.
  სახლში უკვე ანთია ღუმელი, ხმელი შეშა მხიარულად ტკაცუნობს და ოთახებს სითბოთი ავსებს.
  ჩემს დასთან ერთად მძინავს  გაშლილ დივანზე ღუმელის გვერდით, ფანჯრიდან  ფუფა და ნაძვი იჭყიტებიან და გარეთ მიწვევენ.
  „ჰა, გააღვიძე ეხლა, დაგვიანდება“ კარი შემოგლიჯა დათოვლილმა პაპაჩემმა და საბოლოოდ გამომაფხიზლა
  „მოიცა კაცო, ჯერ ხო არ გათენებულა, რომელზე დაიძინეს არ გახსოვს?!“
  ჩვენი შემოსასვლელი ოთახიდან გამავალი ორი კარი და კიდევ ერთი გარეთა ოთახი ბებია–ბაბუას სამი ვაჟის საძინებლებია, კარმოკეტილ ოთახებში ჯერ ისევ სძინავთ ჩემს ორ ბიძა–ბიცოლად და მშობლებს. ბიძაშვილებს და დანარჩენ სტუმრებს დიდ მისაღებ ოთახში.
  შუაღამისას ეკლესიიდან დაბრუნებულებმა ნაადრევად გადაწყვიტეს შობის აღნიშვნა და ახლა ადგომის თავი არავის აქვს.
 „თავიანთ თავს დააბრალონ, თქვენც ადექით პაპლი“ –გაყინულ ხელს მისვამს გაბურძგნულ თავზე
 მხარი მტკივა. ტირილის ნაცვლად სასიამოვნოდ მეღიმება, წუხელ პირველად გამასროლინეს თოფი, ხუმრობა ხომ არაა, 10 წლის ვარ, კლასში ასეთი ბედნიერება ჯერ არავის ქონია.
  პირველი უფროსი ბიძა გამოდის საძინებლიდან, მერე სახლის სიმყუდროვე ირღვევა, საუზმობენ და ყველა თავის საქმეს უჯდება, ქალები სამზარეულოში, კაცები მარანში, საღორეში, წყაროზე, საჩეხეში. მე, ჩემი და და ბიძაშვილი ვრჩებით ღუმელთან. დღის გეგმებს ვაწყობ, გარეთ გასვლას ამჯერად არავინ დამიშლის, თავისუფლად დავაკვირდები ყველაფერს.
  უკანა ეზოში კოცონზე უზარმაზარი წყლიანი ქვაბი დგას, გვერდით შეშის გროვა ყრია, ირაკლი პაპიკოს ბასრი სანადირო დანით თხილის წკნელებისგან შამფურებს თლის, ვიღაც პრიმუსს ამზადებს...
ღორის ჭყვიტინის გამაწვრილებელი ხმა რომ ისმის ჩემი და მშობლების საწოლში ძვრება და ბალიშს იფარებს თავზე, მეც ვცდილობ  ფანჯრის ქვემოთ დავიმალო, რაღაც თავდაცვითი მოქმედებაა, ღორს თუ თვალებში ჩავხედავ მერე იმის გემრიელ მწვადებს როგორ შევჭამ, შემეცოდება.
  ერთი–ორი საათი საინტერესო აღარაფერი მოხდება, ახლა უსაქმოდ დარჩენილებს  გვასაუზმებენ...

Tuesday, December 31, 2013

New Year's Eve Rush

                   

   ნუ ვუღალატებთ ყოველწლიურ ტრადიციას და წლის ბოლო დღეს ბოლო პოსტი დავწეროთ.

  რით დაიწყო ეს ყველაფერი და სამსახურიდან წამოსვლით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად დილით გვიან გაღვიძებით და ყველა ულოგიკო “ატნაშენიის” უკან მოტოვებით.
  მე თავისუფალი ვარ, აღარაფერი მბოჭავს, ვანებებ დილის მზის სხივს ჩემს შიშველ კანზე თამაშს და საღამოს ყინვას ჩემი ცხვირის გაწითლებას.
  საშობაო განწყობა ქალაქში სულ რამოდენიმე  კვირაა შემოიჭრა, თუმცა მე ეს რამოდენიმე დღის წინ ვიგრძენი, როცა დანიურ სახლში საშობაო აქსესუარებით დახუნძლული თაროების გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი...
  ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდებოდა შობა-ახალი წელი ჩემთვის, ბოლო წლების განმავლობაში თითქოს მოიკოჭლებდა განწყობა... მთავარია თავად შექმნა ის რასაც ინგლისელები christmas spirit-ს უწოდებენ და ის დღესასწაული აუცილებლად იქნება მხიარული და გამორჩეული.
   წლის ბოლოს ალბათ ყველას გელაპარაკებათ თქვენი შინაგანი ხმა თავისი იდეალური დიქციით, ტონით, საჭირო დროს პაუზებით და გეკითხებათ რა მოხდა ამ წელს კარგი და რა მოხდა ცუდი?
  ლოგიკურია, რადგან ამაზე ვლაპარაკობ მეც მქონია ასეთი გასაუბერებები საკუთარ თავთან... ხოდა მოდით ეს წელიც შევაჯამოთ თავისი ტოპ პლიუსებით და ტოპ მინუსებით.

Sunday, December 8, 2013

თავისით დაწერილი პოსტი


   



     “დღეს, 13 დეკემბერს, ჩვენს დედაქალაქ თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, თუმცა დღის მეორე ნახევარში მზეც გამოანათებს...”
  “გაცივდები გოგო, ჩაიცვი” სარეკლამო პაუზაზეა გასული მიკი
  მეც ვხვდები რომ მცივა, არა აქ ყინავს, თავად ჩამთბარ სტუდიაში ზის, მე კი გაყინულ სამზარეულოში და წუთში ერთხელ ვუყურებ ტელეფონის ეკრანს.
  სულ ერთია რას იძახიან ამინდის პროგნოზებში, ჩემს გარეთ გაყვანას მაინც არავინ აპირებს.
  მთელი თვის განმავლობში პირველი, სრულიად თავისუფალი დღე მაქვს, და სრულიად თავისუფლად ვატარებ სახლში. გადავიფიქრე კლუბში წასვლაც, დღეს ისეთი პირი უჩანს ფუნიკულიორზეც ვერ წავალ, აბი დამირეკავს და მეტყვის დაღლილი ვარო, მე კი ახლა ყველაზე ნაკლებად სახლში ჯდომა მინდა...
 
   “მინდა თოვდეს,
   ქსოვდე წინდას...” მითხრა რატიმ... ამის სანაცვლოდ კი გარეთ საერთოდ არ თოვს და მე წინდის მაგივრად ხელთათმანს ვქსოვ, ჩაის ვწრუპავ და ჩემს წინ სავარძელში ჩაფლულ რატის ვუყურებ... ბოლო დროს აშკარად გასუქდა... ბევრს სვამს და ლექსებსაც ვეღარ წერს
  “გოგო, შენ შენს თავს მიხედე...  გამოცდები კარზეა და შენ ისევ უიღბლო რომანის ტყვეობაში ექცევი”