Thursday, September 17, 2015

ჩემი სოფელი (ნაწილი 1)

ცხინვალის გზის 21-ე კილომეტრზე, ბერძნულ სამლოცველოსთან თვალუწვდენელი მინდვრები იწყება. მინდვრებს შუა საურმე, წლების მანძილზე გატკეპნილი გზა მიიკლაკნება და კოლმეურნეობის ყოფილ მიწებს ორად ყოფს.
  გაზაფხულზე აქაურობა ხალხით ივსება, მიწისკენ თავწარგულები ლობიოს, სიმინდის და ხორბლის ლებნებს მიწის გულში ღრმად მარხავენ რომ გვიან მაისში თოხის ქნევით ხელებზე წყლულები დაასხდეთ.
 ზაფხულის შუაში მზისფერად აბრდღვიალებული ყანები უხვად აფრქვევენ გასალეწად გამზადებული ხორბლის სუნს, გამომშრალი თავთავები ძირს წვებიან ქარის ყოველ წამოქროლებაზე და თავს უხრიან მას. თვის ბოლოს სისხლისფერი მგელივით სერზე გადმომდგარი მეწამული კომბაინი ერთიანად გადაჭამს ყანას და ზვინებად დაახვავებს ოქროსფერ მარცვლებს. მზის სიყვითლე მალე  ნახშირის სიშავედ შეიცვლება- ბზის ნარჩენებს გადაწვავენ რომ მიწა საზამთროდ მოამზადონ.

  კალოებს შორის გამავალი გზა კი ზევით-ზევით მიიწევს, არსად იტოტება, არსად ჩერდება სანამ სოფელს არ მიადგება.
  სოფელი გაშენებულია ფერდობზე ყანების მიჯრით. შორიდან რომ გამოხედო ყვავილებით დაჩითულ ყანას გავს, ხეების სიმწვანეში ჩარგული წითელ-ყვითელ-თეთრი სახურავებით. აქაურები ქეიფის დროს სტუმარს მესამე ჭიქა ღვინის შემდგომ უყვებიან მშობლიური სოფლის ძირძველ ისტორიას, თავი მოაქვთ ოქროს მეფე დავითის ხშირი სტუმრობით, ერთადერთი ციხის ნარჩენი გალავნებით და მატიანეში ჩაწერილი ცნობებით.
 სოფლიდან გამომავალი, უკვე თიხანარევი გზა გაივაკებს და  ყურძნის ზვრებს წელში ტეხავს. დალოცვილი მიწა უამრავი ჯიშის ყურძენს ზრდის, ანაყოფიერებს და შემოდგომაზე ქალაქიდან სტუმრებს ერეკება საკრეფად. სტუმრებს, რომელთათვის რთველი ლხინია, ლხინი და რაღაც პირველყოფილი ბუნების უზრუნველი დღესასწაული, სოფლელებისთვის კიდევ ერთი ოფლის ღვრა, ბოლო ამოოხვრა დასასრულისკენ წასული წლისა.
  ზვრების შუაში ამოჩრილა მუხების მომცრო კორომი, გაქცეული ცხენის ფორმისა, რომლის შუაშიც სისხლისფერ ჭრილობასავით მოჩანს ეკლესიის სახურავი, აქ სამსხვერპლო ადგილია, სხვადასხვა დღესასწაულზე და რთვლობის ბოლოს. ათეულობით აბღავლებული პირუტყვის სისხლად იღებება მიწა, მადლობას სწირავენ სოფლელები ბუნებას მოწეული მოსავლისათვის, მერე ნოემბრის დასაწყისში ერთიანად კვდება ცხოვრება სოფელში. ხალხი მიდის, დილის სიცივეში მხოლოდ ნახირში ძროხის გასაშვებად  თუ გამოდგება ოჯახის უფროსი ჯოხით ხელში, ახედავს ზამთარშეპარულ ფერდაწმენდილ ცას და ეს სილურჯე თვალს ეამება, ოღონდ ღამე სიცივედ გაჯდება ხოლმე ძვლებში, წყაროებს ყინულს აფარებს, ხეებს თეთრად ჭირხლავს, შეშას აცოტავებს, მობუზულ ჩიტებს საბძელში ერეკება, პირუტყვს ქარხნის მილებივით ადენინებს ორთქლს, ჩათბუნებულ ოთახს კარის გაღებისას ისე ანიავებს საბნის შემოკეცვას ძლივს ასწრებ.

  და მოვა ზამთარი, თოვლის სიპეტაკე გადაათეთრებს არე-მარეს. ჩაყუჩდება სოფელი, ძაღლის ყეფა თოფის გასროლის ხმასავით გაისმევა, ბოლო ავტობუსის მოსვლის დროს, დღე უკვე წარსულს მითვლილი იქნება - გზებზე ღონიერი ბინდბუნდი დაწვება და ბუხრიდან ამოსული ტკბილი კვამლი ნისლს შეუმჩნევლად შეერევა...

No comments:

Post a Comment