Tuesday, February 4, 2014

სტატუსების ადრესატს!

                                  Olivia Newton- Hopelessly Devoted yo you

“ადამიანის ჩვევა შეჩვევაა 
  და ამიტომაც გადაეჩვევა.”


  ახლა აღარც შენს მოლოდინში გალეული საღამო მადარდებს, აღარც ჩემი ზედმეტი კილოგრამები და აღარც მწველი ყინვა გარეთ როა,
 თუმცა ეს ყველაფერი საზიზღარ ხასიათზე მაყენებს, სამყაროს გადაშენების მსურველთა სიაში ვდგები და  ამ წუთას არც მრცხვენია რომ მეც იქ ვარ.
 არც იმის გაგება მინდა რა არ გაკმაყოფილებთ ჩემი, რა არ გყოფნით, რა არ მოგწონთ.
  ალბათ შეცდომით სხვა საუკუნეში დავიბადე, ალბათ სადღაც რომანტიზმში უნდა გავჩენილიყავი, გრძელი პასუხებით დამძმებული დიალოგების და წერილებით ახსნილი სიყვარულის ეპოქაში “ქალბატონო მარიამ, ბალზე დაგინახეთ და მგონი შემიყვარდით” არავინ მიაქცევდა ყურადღებას უხეშ ნაკვთებს და ჩამრგვალებულ თეძოებს, მაშინ ხომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
  არა მე უნდა დავთვრე და ფეხშიშველმა გარეთ მოყინულ თოვლზე ვირბინო, გავხსნა წლების წინ შენახული კონიაკის ბოთლი და მისი სიცხე ვენებში გავუშვა.
  საკუთარ თავზე ვბრაზდები,  კონტროლი რა დროს დავკარგე საკუთარ გონებაზე ვერ ვხვდები, რომელ მომენტში სად გამეპარა ეს შეცდომა, არადა მეგონა ამჯერად თავად ვიქნებოდი დომინიონი და მე წავმართავდი მთელ ამ სისულელეს.
  ვეღარ პოულობ უკვე სიტყვებს, ჩუმდები და რაღაცას ნანობ, და მე  გული მეწურება რომ თავდაპირველი, ნორმას გადაცდენილი საუბრები სადღაც გაქრა, მრცხვენია რომ ზედმეტად მარტივი, ზედმეტად ბანალური გავხადე ჩემი ყოველი სიტყვა... ალბათ მართალია, რომ კაცს მანამდე  აინტერესებს ქალი, სანამ ის მიუწვდომელია, თუ გაიხსნება, ამოაცლის მარგალიტს და მერე მიატოვებს, როცა მისგან ყველაზე კარგს მიიღებს. ალბათ ეგაა ჩემი პრობლემა, ყოველთვის ზედმეტად ხელმისაწვდომი ვარ ყველასთვის, თავად ვთხზავ გროტესკულ ისტორიებს, მერე ამით ვცხოვრობ და როცა რეალობას ვეჯახები, მტკივა და ძვლებში ვიმსხვრევი, მეცლება ყველა ენერგია და მკლავს.


 დავიღალე!
 დავიღალე ამ გაურკვევლობით ჩემს ცხოვრებაში;
 დავიღალე ამ შეცდომებით;
 დავიღალე სხვისი გადაღლილი სახეებით, მე ჩემიც მყოფნის;
 დავიღალე ყინვით, სხვისი ბედნიერების ყურებით, ძალით გაღიმებით, “ყველაფერი კარგადაა”-თი;
 ლოდინით დავიღალე...
 გადავიღალე შეჩვევებით, გადაჩვევებით, დავიწყებებით, გახსენებებით,   დავიღალე მადლობებით, დაფასებებით, შეფასებებით, ჩამოფასებებით;
 დავიღალე სწორი ხაზებით ჩემს ცხოვრებაში, ნულს ქვემოთ მყოფი შეფასების კრიტერიუმებით;
 შენით დავიღალე!..


 ( პოსტს შენს სახელზე ვაქვეყნებ, თუმცა მიანც იმედი მაქვს რომ ვერ ნახავ.)