Friday, December 30, 2011

შე-ვაჯამოთ ძველი

2011 წლის ბოლო დღემ ათვლა ეს-ესაა დაიწყო...

  ჩემი წელი გადის. ამ წელს დიდი ხანი ველოდი. მეგონა, რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა და ალბათ, ასეც არის. გააჩნია, რა კუთხიდან მივუდგებით საკითხს. მიმატების, გამოკლების, გაყოფის, გამრავლების და ორუცნობიანი განტოლების ამოხსნის შედეგად, რაღაცნაირად დავადგინე ამ წლის 30% ბედნიერი იყო ჩემთვის და ძალზე სწრაფად გავიდა ეს წელიწადი... მისალოცი კი არაფერი მაქვს ჩემი თავისთვის, არც ძველიდან მაქვს  რამე ისეთი მოგონება დარჩენილი რომ მეთქვა - გაჩერდი წამო, მშვენიერი ხარ! თუმცა არა, მთლად ასეც ხომ არ ყოფილა. წამი გაჩერდა naec.ge ზე რომ შევედი და " ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში" რომ ვნახე ჩემი თავი. გაჩერდა კი არა გაიყინა, იმდენად რომ გამახევა და მერე რომ გადნა ცრემლებად იწვიმა ჩემი სხეულიდან...
წამი გაჩერდა სამი წლის მერე ნასრაშვილ გიორგის გაჩერებაზე თვალი რომ შევასწარი, მას მერე, ანუ უკვე სამი თვეა მისი სახით ძალიან კარგი მეგობარი დავიბრუნე...

 წამი გაჩერდა პირველად აუდიტორიაში რომ შევედი და მიშო ნაზღაიძე გვერდით რომ მომიჯდა... მაშინ პირველად მივხვდი სულ ახალი რაღაც რომ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, ახალი ეტაპი, თავისი ბნელი და ნათელი მხარეებით.
დღეები უმეტესად ერთმანეთს გავდა ოქტომბრიდან მოყოლებული,  სახლი-უნივერსიტეტი-ბიბლიოთეკა-სახლი... თუმცა იყვნენ და არიან ადამიანები ამ რუტინას შეძლებისდაგვარად რომ მიხალისებდნენ, მარი, ლომიძე, მაგალითად... ყველანაირად რომ ცდილობს ხოლმე "სწორ ქალურ გზაზე" დამაყენოს ( შედეგის რა გითხრათ) და მამხიარულებს ხოლმე... ჰმმ.. მხიარულ ადამიანებზე თუ ვლაპარაკობთ "ერთი აჯამი კახელი ჯო"-ც არ უნდა დაგვავიწყდეს- თორნიკე მჭედლიშვილი, სრულიად დადებითი ადამიანი, პირდაპირი და ხანდახან ბუზღუნა...
   ამ წელმა დამაკარგვინა ჩემი "და–ქალი", ჩემი ერთად–ერთი ნუცა... სიშორემ ქნა და სხვა გზებით წასვლამ და ძალიან მწყდება გული, თვითონაც შეიცვალა, სახლში ჯდომის მეტს არაფერს აკეთებს და ყველა ჩემს შეთავაზებაზე უარს მეუბნება, არ ვიცი რა ჭირს... ახალმა ნაცნობებმა თვალი მოჭრეს ალბათ და მე აღარც ვახსოვარ, ხანდახან მეც ასე ვარ შეიძლება ისე გავიდეს დღე არც გამახსენდეს, მაგრამ მერე რომ დავინახავ, ვხვდები ყველაზე ძალიან მომნატრებია ჩემი ყველაზე ჯუჯღუნა...

 კიდე ერთი წელი გავიდა და მე ისევ ვერ მოვახერხე ჩემი უაზრო ცხოვრებისთვის წერტილი დამესვა, ისევ უაზროდ ვხარჯავდი ძვირფას საათებს დეპრესიაში და მერე ისევ უაზროდ ვნანობდი ამ გაბნეულ დროზე. წელს პირველად მატკინა ბიჭმა გული, იმედები გამიცრუა, ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ აკეთებს ( ეს ნაბიჯები კი ისეთი ზოზინა და ისეთი დიდია) მე მაინც ვერ ვსწავლობ ჭკუას და უიმედო იმედის უკანასკნელ ძაფს ვებღაუჭები, იქნებ მომხედოს, შემამჩნიოს, რაღაც კარგი დაინახოს ჩემში... მაგრამ არა, ამ წელმაც, მარტო ჩემი ნაძალადევი ინიციტივებით ჩაიარა და მე ისევ მშრალზე დავრჩი. უაზრო შემართებით კი ისევ ველოდები ჩემს შავქოჩრიან ზღაპრულ პრინცს, რომელსაც ხანდახან ჩემი არსებობაც კი ავიწყდება




No comments:

Post a Comment