Tuesday, July 3, 2012

ღამემ მოიტანა ფიქრი და მელანქოლია...

დღეს ყვიბისში ავედი...
სიტუაციის დასაზვერად...
სიწყნარე, სიჩუმე და ღამეა მთაში... გარშემო ჭრიჭინები ბაყაყები და ციცინათელები... ზუსტად ის იდილიაა რაც ერთი წელია მაკლია.
 ცივა ბორჯომში. ამოსვლისთანავე ვიგრძენი ეს. შემცივდა ფიზიკურად და სულიერად, ბაბუაჩემი რომ ჩემსკენ ჯოხით მომავალი დავინახე. წინა ზაფხულის მერე არ მინახავს გურამი ბაბუა და დამიბერდა, როგორც ჩანს, ვეღარ წამიყვანს წისქვილში ან ტყეში... მგონია მე რომ არ ვიცვლები, ჩემს გარშემო სამყაროც ზუსტად იგივე რჩება, მაგრამ რატომ მყავს სამყარო ასე ნაჭუჭში გამოკეტილი ვერ ვხვდები... აღარაფერი აღარ იქნება ისე, როგორც ადრე იყო.  ბავშვურად ლამაზი და სულ სხვანაირი...  ადრეა ჩემთვის ასეთი რეკვიემი ჯერ არ დამთავრებულ პრელუდიაზე, დროსაც ვკარგავ ასეთ უაზრო სევდაში, მაგრამ არ გამომდის მოგონებების მიჩქმალვა, მითუმეტეს ყოველ ნაბიჯზე რომ მებლანდება ფეხებში...



 დილიდანვე  დაღლილმა ამოვათავე აღმართი მატარებლის სადგურიდან, ჭიშკარი დავინახე, საღებავაქერცლილი, ოდესღაც ცის ფერი...
მე და ბებია გამოვდივართ და ნელა მივუყვებით აღმართს მთის მდინარისკენ, მე მახველებს და ბებო ჟაკეტს მაცმევს ძალით.. ვერ ვხვდები რატომ მაძალებენ თბილად ჩაცმას აგვისტოს პაპანაქებაში, ხო შეიძლება სხვებივით ვიარო მოკლე მიასურით...
 –მარიამ... მარიამ... მართა! მომიცადეთ! – კალათით მორბის ბებიაჩემის ძმის ცოლი სახლიდან – უჩემოდ სად მიდიხართ

 მდინარე სავსეა ბავშვებით... ჩემზე დიდებით პატარებით და ჩემი ბიძაშვილებით, ერთობიან წუწაობენ და მე ორ მოხუცთან ერთად ნაპირზე ვზივარ და შურით ვუყურებ ყველას ვინც სველია
–მართა ბებია, გამოუშვით მარი, ვითამაშებთ – გულამომჯდარი მოვარდა თენგო, ჩემი ბიძაშვილი
ჩემთვის უცხო ხილი იყო მზეში წოლა, ბანაობა, სუნთქვის გაჩერებამდე სირბილი, მაშინ ყოველ ღამე მივტიროდი ჩემს ბედს, ავადმყოფობას და ბებიაჩემს, რომ მაშხამებდნენ საუკეთესო წუთებს...
 სამაგიეროდ ვერთობოდი ტყეში ბებიჩემის ძმებთან გურამისთან და თენგიზისთან ერთად. მე და თენგო დავყავდით ყველგან ტყეში, ნახირში, ბაღში, წისქვილში, ძველ სასაფლაოზე, წყაროზე, წელის ჩაწყვეტამდე მოვათრევდით წყლის მძიმე ბიდონებს, მუცლის გახეთქვამდე ვჭამდით მკვახე ვაშლს, მოუსვლელ თხილს, მარწყვს, ხაჭოს ბლინებს და დესერტს, მამაჩემის გამოგზავნილ კრუასანებს, შოკოლადებს ან კრეკერებს, ღამღამობით დაკარგავმდე დავსდევდით ციცინათელებს და მერე გაყურსულები ველოდებოდით როდის მოგვაგნებდა სამი მოხუცი ქალის ხმიდან ერთ– ერთი და ყურით წაგვიყვანდა დასაძინებლად, მაშინებდა თენგო აივანზე დაგებული დათვის ტყავით, ირმის რქებით, ეზოში დადგმული ძველი ოდის მოჩვნებებით და მერე ატირებულს რიჟა თმაზე მისვამდა ხელს და მამშვიდებდა ბავშვური სიტყვებით...

მერე გავიზარდეთ. თენგო ბიჭი გახდა მარუ გოგო. თენგოსთან კი ვრჩებოდი ხოლმე, მაგრამ რაც დრო გადიოდა მით უფრო ნაკლები საერთო გვრჩებოდა, მე თუ სულ წარსულს მივტიროდი თენგო გაზრდისკენ ისწრაფოდა, საღამოობით ის ბიჭებთან გარბოდა გარეთ მე კიდევ სახლში მარტო ვრჩებოდი... ნელ–ნელა გაუსაძლისი გახდა ჩემი იქ ყოფნა, მე გარდატეხის ასაკში ვიყავი და მოხუცებთან ჯდომა კი არა გარეთ სიარული მინდოდა, მაგრამ გაქრა ის ერთადერთი ვისაც ჩემი ბავშვებთან წაყვანა შეეძლო.
  ეხლა თენგო ჯარშია... აქ რომ იყოს მაინც ქვემოთ სალში იქნება და არა ჩემთან... სამი წლის უნახავი ბიძაშვილი შემთხვევით ვნახე თბილისში, ქუჩაში და ვეღარაფერი ვიპოვე საერთო რომ იმაზე მელაპარაკა. მიყვარს თენგო, ძალიან მიყვარს და ვიცი რომ მასაც, მაგრამ გაწყვეტილა ძაფი ჩვენს შორის...

 გამომაკითხა გურამიმ, ჰამაკში. დაღამდა ბაბუა აწი და დაიძინეო...
ერთიღა დამრჩით ბაბუა თქვენ ბავშვობის მოგონებიდან და დამპირდით რომ თქვენც არ გაქრებით ნაბდის ქუდით ,სიმინდის ხაშარივით ულვაშით და დაგვალული მიწასავით დაღარული სახით.. დამპირდით, დამპირდით, რომ მეტი აღარ შეიცვლება ეს სამყარო, დამპირდით რომ აღარ იქნება საჭირო დროის ნაჭუჭში გამოკეტვა, მოგონებებში დაკარგვა სასიამოვნო დღეების გასახსენებლად. დამპირდით, დამპირდით რომ ჩემი ღმერთი იქნებით, დამიბრუნებთ ჩემს მართა ბებიას, თენგიზი ბაბუას და ფაცა ბებიას... თამრიკო ბებია თქვენც? თქვენც იქნებით ჩემი ღმერთი? დამიბრუნეთ ბავშვობა გევედრებით და გპირდებით ბოლომდე შევჭამ წვნიანებს, ხახვებიანად, აღარ გავიპარები ქვემოთ სახლში და მდინარეშიც არ ჩავაკარებ ფეხს.. დამიბრუნეთ თივის, მზის, მოხუცების სუნით გაჟღენთილი ბავშვობა! დამპირდით, დამპირდით!...

No comments:

Post a Comment