Saturday, November 17, 2012

სიზმარი (კიდევ ერთი)





  ისევ ეს ხუთსართულიანი ბინა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ქუჩაზე, ახლაც ყურებში მიდგას მანქანების და ავტობუსების ტვინისწამღები ბუხუნი ქვაფენილზე, მე ისევ თეთრი, რკინის კარის ზღურბლთან  ვდგავარ, ისევ შეწუხებული სახით.
-შემოდი, შემოდი, შენ გელოდებოდი - მეუბნება ქერათმიანი და ცისფერთვალება, ლამაზი ქალი.
  პანაშვიდისთვის შეუფერებელი სიჩუმეა ბინაში, კაციშვილი არ ჭაჭანებს, არც  სასტუმრო ოთახში, სადაც წესით ეხლა ჩასასვენებელი უნდა იდგას, დაბალ მაგიდაზე მხოლოდ ხილის ჩასაყრელი ძველი ყუთი დევს, სუდარაგადაფარებული.
 -სადაა? - გაკვირვებული ვკითხულობ
-აი აქ -  ყუთზე მითითებს ქალი და სწრაფად ხდის, თან იღიმის.


  სულისშემძვრელია ადამიანის დანაწევრებული სხეული, ცელოფანამოკრულ ყუთში აწყვია დაჭრლი სხეული: თავი შუაზე კოხტადაა გადაჭრილი და დანარჩენი გვამიც, ისეა როგორც სუფრაზე მისატანად გამზადებული ბლუდა. უსისხლო  გაცრეცილი ვარდისფერი ხორცი მოჩანს ყველა ადგილიდან, ახალდაჭრილ საქონლის ხორცს გავს, ვერ ვაცნობიერებ რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ამად გადაიქცა.
-რა უქენით? - ვხვდები რომ მეც ღიმილით ვპასუხობ, თითქოს შორიდან ვუყურებ ჩემს თავს, ზუსტად ვიცი გადახლართული ფეხებით ვდგავარ მაგიდასთან ცალი ხელი ყუთზე მიდევს, მეორეთი დოინჯი მაქვს შემორტყმული და კმაყოფილი ღიმილით ვუყურებ დედამისს.
  -დიდი ადგილი რომ არ დაეკავებინა დავჭერით, აი ამით - ხელში იღებს ვაზის მაკრატელს.
-კარგი გიქნიათ, მე წავალ ნივთებს მოვუგროვებ...
 არავითარი ცრემლი, მწუხარება, თითქოს არავინ მომკვდარა არ დამწყვეტია გული, ან ყველაფერი იმის გამო რაც არ გააკეთა ჩემთვის შურს ვძიობ და არც ვნაღვლობ ვეღარასოდეს რომ ვერ დავინახავ  მის ბავშვურ ღიმილს, მწვანე თვალებს და უცნაურ გაბზეკილ დგომას.
   ოთახში ოდნავ იჭრება მზე. რატომღაც წითელია შუქი, არა ფოტოლაბორატორიის ლაზერული  სიწითლე, არამედ რაღაც მზისებური. ჩამავალი, უკანასკნელი სისხლით შეღებილი მზის სიწითლე იღვრება ყველაფერზე: ძველ პარკეტზე, ყავისფერ კარადაზე, საწოლზე, მაგიდაზე, თეთრ კედლებზე და დანარჩენ სიცარიელეზე.
   ახლა უკვე მობუზული ვარ, შემცივნულივით ვათვალიერებ  მის ნივთებს და სხვა ადგილას ვხვდები...
   სიმწვანეა, ტყე, ზაფხული, მზე, სიცხე და წყლის ხმა.. რომელიც ასე უყვარდა, მასზე წინ ვარ წასული, მივრბივარ და გარემოზე ვუთითებ, ალაბათ იმას რომ ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, და მითუმეტეს მის გვერდით ყველაფერი სხვანაირია, ასე იყო ყოველთვის, ლაპარაკისას ნებისმიერი უბრალო ნივთი და მოვლენა ბუნების სასწაულად გადამექცეოდა ხოლმე... ეს სიმწვანეც ასეა, ისეთი თვალისმომჭრელია და ისე ანათებს. 
  ფეხი დამიცდა და სისხლი მომდის, მე ქვაზე ვზივარ და გასისხლიანებულ ფეხზს დავტირი, ის აღმართზე ამორბის  და სულს მიბერავს ჭრილობაზე, მიყურებს... მიღიმის... გასაპარსია... სახის მთელ დაყოლებაზე ნაჭრილობევი უჩნდება, მერე ყელზე ჩამოდევს  და ლურჯ მაისურს ნაფლეთებად უქცევს, მთელ სხეულზე აქვს მოდებული ჭრილობის ზოლები და უცებ ყველა იარიდან სისხლმა იფეთქა, გამწუწა,  გაფითრდა, გამოშრა და ნაწილებად დაიშალა...
 გამოვფხიზლდი.
 მის მაგიდასთან ვდგავარ და ფურცელს დავყურებ რომელსაც წითლად აწერია „Giune” ჩემი გაკეთებულია, როგორ მოხვდა მასთან არ ვიცი, მე მხოლოდ ჩემთვის დავწერე ასე მონდომებით და ფაქიზად, თითქოს თვითონ მას ვხატავდი და მეშინოდა რამე არასწორად არ გამეკეთებინა რომ არ დამემახინჯებინა, იქვეა ყველა ჩვენი მეილი, დასტებად დაწყობილი, ფურცლების კიდეებზე ფანქრით, საშინელი კალიგრაფიით შენიშვნებია გაკეთებული, მისი ხელია, ცაცია, (მახსოვს რომ  საშინლად წერდა) მაგრამ თურმე ნახე, ვახსოვდი, ისიც ჩემსავით ბეჭდავდა ჩვენს დიალოგებს და უფრთხილდებოდა.
-სად ხარ, რატო წახვედი? - ამოვიბურტყუნე და  უჯრებს მივუბრუნდი... უამრავი წიგნები, წიგნები, რვეულები და ისევ ნაბეჭდები, სიტყვები მეცნო... ჩემი ბლოგიდან იყო...
 -როგორ მასაც ვუყვარდი? რატომ კი მაგრამ? რატომ? - უკვე გაოგნებული ვარ
-გიუნე! გიუნე! - ვეძახი და  პასუხს არ მცემს, ხვდება ვინც ვარ და ხმას არ მცემს, უნდა დამემალოს, მიხვდა რომ მე ვარ, მარტო მე ვუძახდი ასე, მარტო ჩემთვის იყო ჩემი ერთადერთი გ ი უ ნ ე.
-გიუნე, გიუნე... ვიმეორებ ამას ათასი წელი, წუთი, საათი...
კვლავ არაფერიი...პასუხის გარეშე!
მე ამ სიჩუმეს შევეგუე და მიყვარს!
როცა ცოცხლობდი შენი გულის ცემა მიყვარდა!
ეხლა აღარ ხარ და შენი სიჩუმე მიყვარს! გესმის მიყვარსს! მიყვარსს!

   მე სამზარეულოში ვგდავარ, ნიჟარასთან და ღიღინით ვრეცხავ სისხლიან ვაზის მაკრატელს, თითქოს  მისაღებში მოხარშული ქათამივით დაჭრილი გუნეს გვამი არ მედოს, თითქოს მართლა ქათამი დამეჭრას.
   და.. სამზარეულოში ის შემოდის, ცალი ხელით და თეძოთი კარების ჩარჩოს ეყრდნობა და მიღიმის... თითქოს ამ სითბოსმფრქვევლი ღიმილით ცდილობს ყველა უყურადღებობის გამოსყიდვას და ჩემს შემორიგებას
   მე არ მიკვირს! არ მიკვირს!
  რატო არ ვყვირივარ?! რატო არ იღებ ხმას გიუნეს მარიამო, რატომ? მკვდრეთით აღგიდგა შენი გიუნე და შენ მხოლოდ მოღიღინე ღიმილს იმეტებ მისთვის?! რატომ არ ვაკეთებ არაფერს?!
   ფეხშიშველი დგას შინდისფერ იატაკზე, შავი სპორტული შარვალი აცვია და შავი მაისური, სახე ხშირი წვერით აქვს დაფარული  და უსიტყვოდ მეწუწუნება იმაზე რომ ეზარება გაპარსვა, პირს აღებს და მის მაგივრად ქალი იწყებს სიმღერას
-„Today, let us live our lives
Reachin' out to those in need of a hand”
ვხვდები რომ მაღვიძარაა... სწრაფი რეაქციით ვიქცევ ტელეფონს ხელში და მუსიკას ვრთავ...
  ამჯერად მართლა რეალობაა და ამ რელობაში შეძრწუნებული ვარ ჩემი სიზმრით უკვე მეორედ ვნახე მისი სიკვდილი სიზმარში, თუმცა წინასგან ეს უფრო დახვეწილი იყო, დალაგებული,  გმირთა მოედნის პანდუსზე მანქანის მიერ გატანილი გიორგის ნახვას ისევ ხილის ყუთში  დაჭრილი ქათმის ნაჭრებივით ჩაწყობილი მისი სხეულის ყურება ჯობდა იმისიც ღიმილით. ეხლაც ვერ ვიშორებ იმ საშინელი სინაცრისფრის ხატებას რომელიც მაშინ იყო... ამაზრზენი ნაცრსფერი ფერი, რომელიც ყველაფერს ჭამდა და ბებიამისი, განაცრისფერებული ქალი, რომელიც დაჟინებით მთხოვდა გვამისთვის სურათის გადაღებას.
   ყოველთვის, როცა მას ვნახულობ  უფრო სიახლოვეს ვგრძნობ, გრძნობა მაქვს რომ უფრო კარგად გავიცანი, ახალი რაღაც გავიგე მასზე...
  ეხლა კმაყოფილი ვწევარ საწოლში, კამყოფილი იმით რომ წუხელის მის ოთახში ვიყავი.. და ვიცი რა ხდება იქ... ვნახე დედამისი და მისი სახლი, რომ ისევ გამიღიმა და გამახურა, შემახურა და ამანთო.


No comments:

Post a Comment