Sunday, February 27, 2011

ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეული: დაწუნებული თემა


მეტისმეტად ჩამთბარ ოთახში, სავარძელში ფეხებაკეცილი ვიჯექი, ყურთსასმენები მეკეთა და სიმღერის ფონზე ვცდილობდი გონება მომეკრიბა, რომ მერე ნააზრევი ფურცელზე გადამეტანა, არადა თებერვლის ამ სუსხიან და თოვლიან ღამეს ცოტათი მიძნელდებოდა იმ ცხელი აგვისტოს სისხლიანი დღეების გახსენება, ანდა როგორ გამახსენდებოდა, როცა ამას არც კი ვცდილობდი, სიმღერას ვუსმენდი და თან უნიჭოდ ვდუდუნებდი.
ბებიაჩემს ჩემი ხმა არ აღიზიანებდა, ნიკაპზე ხელი ჩამოეყრდნო და უზარმაზარი  სათვალიდან უყურებდა შავ-თეთრ ტელევიზორს. შიგადაშიგ ჰა, როგორაა საქმეო-მეკითხებოდა.
თებერვალი იყო და ჩვეულებისამებრ ქარი აზანზარებდა ძველ ფანჯრებს. მათ რომ ვერაფერს აკლებდა, სოფლის ორღობეებში მირბოდა და ტყემლის ხეებს ეთამაშებოდა, ჩვენს ზემოთ, წითელი კრამიტით დახურული სახურავი სულისშემძვრელად ბრახუნობდა.
-ჭინკები ჩამოსულან!-გაიხუმრა ბაბუამ სახურავის კიდევ ერთ ამოხვნეშაზე და ბუხართან მიდგმული სამფეხა სკამიდან სარწეველაში გადაჯდა
-ნარდი არ მოვცხოთ?-მე მომმართა
-აცადე ადამიანო წერს ბავშვი!- აღშფოთდა ბებია-ჰა, როგორაა საქმე?
-Too much love will kill you  If you can't make up your mind... ჰა? - გამოვიძრე ერთი ყურთსაცვამი
-როგოაა საქმე-მეთქი
-მადლობ კარგად...Torn between the lover and the love you leave behind-გავაგრძელე დუდუნი და წინ და უკან ქანაობა.
იმედგაცრუებულმა ბაბუამ კი, წიგნების კოშკურიდან უკვე მრავალგზის წაკითხული დათა თუთაშხია გამოაძრო, სანიშნი გვერდით გადადო და კითხვას შეუდგა.
-კიდევ ჩაგიხუტებია ეგ CCCP?-ბებიამ თითი წაკრა სანიშნს
-ეს რა არის? ორი თითით ავიღე სქელი მუყაო. ნახატზე ბედნიერი, დადებითი ჰაბიტუსის რუსი იყო აღბეჭდილი, რომელიც ხელს უქნევდა ბაბუა ჰიტს, რომელსაც ხელში ფითილანთებული ბომბი ეჭირა, თავზე ეწერა : Не балуи! მეორე მხარეს ტექსტი ეწერა, დასწყისით: "Дорогой Яша, Оля, Вахтанг, Нина, Кето и Женя..."
-ბაბუ, ომს მოესწარი? -დავადექი თავზე
-კი, მაშინ პატარა ვიყავი, რვა-ცხრა წლის
-მაშინ რას განიცდიდით
-ქვემოთ, სარდაფში ნახშირით ვწერდით კედლებზე იმ ამბებს რასაც რადიოში ვუსმენდით, როცა გავიზარდეთ მაშინაც კი ცრემლით ვიხსენებდით როგორ წაიყვანეს მამა ჯარში და როგორ ელოდებოდა დედა მას.
მე გამახსენდა რაღაც, რომ ჩანთაში შემთხვევით წამოღებული ძველი დღიური მედო და ბაბუასთან მივიტანე. მან, როგორც იცოდა მუხლებზე დამისვა და მოსასმენად მოემზადა.


"7 აგვისტო 2008
კიდევ კარგი დაბადების დღის გადახდა მოვასწარი, თუმცა რა დროს ესაა, უკვე მერამდენედ "დიდი რუსობა" დაიწყო. ეს ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თებერვლის ნაცრისფერ, თოვლიან დღეებში, ხმაურიანი ქუჩის კუთხეში აყვავებული ტყემლის ხის ნახვა. ჩემს სოფელთან კი ცხინვალი ისე ახლოსაა.
თავიდან მეგონა ჯარის რაღაც წრთვნა იყო, მაგრამ ტელევიზორში გაყინული სახით რომ გამოაცხადეს რაც ხდებოდა, ყველა შეკრთა.. "ომი დაიწყო!" უცებ აიტაცა სოფელმა და დაფაცურდა, გაიქცა, მე კიდე მშვიდი არდადეგების გატარებას ვაპირებდი ნუცისთან ერთად სოფელში, თუმცა უფრო მეტი ჩავედით ვიდრე ბებია-ბაბუა ელოდა, ეხლა ყველა დაზაფრულია, ჩვენ მივდივართ, მაგრამ მოხუცები აქ რჩებიან. მე მეშინია, არ მინდა გავიგო ომი რა არის, ეს თითქმის იგივე ცნებაა როგორც სიკვდილი, ბაბუც იძახდა ხოლმე -ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ ომიო.
აი ახლა ისევ აზანზარდა შუშაბანდი, ვინ იცის აქ უკანასკნელად ვარ, მაინც მჯერა ღმერთი არ გაგვწირავს.
მორჩა, მანქანა მოვიდა. სახლში მივდივარ. ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და საქართველო!


11 აგვისტო 2008
გარბიან. აფეთქებები გრძელდება, თვითმფრინავები წამდაუწუმ სერავენ ჩემი ქალაქის ცას და იქ სადაც ქართული ძალებია დაბანაკებული, ბომბებეს ყრიან. რუსული გამანადგურებელი ყორანივით დაფრინავს საქართველოს თავზე, მსხვერპლს ეძებს, რათა ეძგეროს, გვერდი გამოაფლითოს, გააცამტვეროს! როგორ ვყვარებივართ ამ ოჯახაშენებულებს თურმე...
 დეიდა ალბათ გააფრენს, გიორგი წაიყვანეს, ლოცვაში ათენებს ქალი, ხალხი კი ნელა იხიზნება მთაში, ცდილობენ როგორმე გაასწრონ ტანკებს. სოფლები, რომელთა არსებობა ზოგმა არც კი იცოდა, ეხლა ისეა გავსილი, კურორტი გეგონება.
მოჩვენებითი სიმშვიდით თენდება ყოველი დილა, ყველამ იცის ჯერ არ დაწყნარდება ოხერი მტერი. მოშიებული მურა დათვი ტაფლს აქ ეძებს, ჩვენს მართლაც თაფლივით ტკბილ სამშობლოში, თუმცა არც ის იცის როგორი კბენა შეუძლიათ აქაურ ფუტკრებს თავისი სკის დასაცავად. ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინაა, ომის სასწორი ჯერ არ გადახრილა არც ერთ მხარეს. ღმერთო შენ გვიშველე.


13 აგვისტო 2008
გუშინ ტაროები მოვიპარეთ და შევწვით. ვიცინოდით, გვიხაროდა, რა გვახარებდა?! მოუშორებელი მტერი სამშობლოს გვეცილებოდა, ისევ თელავდა რუსლი ჩექმა ქართლის ყანებს.
უბანში საღამოობით ქალები იყრიან ხოლმე თავს
-რა გვეშველება?
-ღმერთი არ გაგვწირავს!
-იმედია.
ისვრიან  გრძნობადაკარგულ ფრაზებს.
-მთვარესაც მივუტოვებივართ!-ხუმრობით ამბობს ერთი. მერე ყველა მას ბაძავს და ლურჯ, უმთვარო ცას აშტერდებიან


14 აგვისტო 2008
თვალებს არ  ვუჯერებ, არ მეგონა ასე დაჩეხილ ქართველ ვაჟკაცობას თუ ვნახავდი, სულისშემძვრელია... კიდევ ერთხელ დალია ქართველების სისხლი  რუსეთმა და გაძღა, მაინც არ მიდის, მაინც ყველაფერს ანადგურებს.
გიორგი ჩამოვიდა, ცოტათი შეშინებულია ნანახით, ორმოცდაათი ცხედარი ჩემი მანქანით გავიტანე ტყიდანო, ჩემი მაინც გავიტანე, ორი რუსი ამითი დავჭერიო - ეფერებოდა ზეთით გაპოხილ ავტომატს-მეტის გახსენება აღარც მინდა მეყო იქ რაც ვნახეო, მაინც ვაჯობებთ ჩვენ ისეთი მაგრები ვართო.
დღეს მივხვდი რა ტკივილი დააჩნდა სულს და სხეულს, ტკივილი, რომელიც აქამდე არ ვიცოდი რა იყო და ტკივილი, რომელიც ჩემში სამუდამოდ დარჩება.

15 აგვისტო 2008
საქართველოს ანექსიაო, რას გვატყუებთ? საქართველოს ისტორია და წარსული თავდაცვითი ომებია რომელიც XXI საუკუნეშიც გრძელდება, ეს პატარა ქვეყანა ბოლომდე იბრძვის დამოუკიდებლობისათვის. გარშე მტერი თუ საქართველოს დაიმორჩილებდა, ითვლებოდა რომ მთელი კავკასია მას ეკუთვნოდა. საქართველოს ბევრი დამპყრობელი ყავდა, იყვნენ არაბები, სპარსები, თურქები და ვინ იცის კიდე ვინ... -ყველამ გადაიარა, გადათელა, გაძარცვა, გადაწვა და წავიდა მაგრამ...
რუსეთი. რუსეთი დარჩა მოუშორებელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხან იდუმალ, ხან აშკარად ცდილობს საქართველოს ხელში ჩაგდებას, რამდენი უცნობი, ცნობილი ადამიანი მოგვიკლა. მიუხედავად ამისა, ქართველი კაცი ისევ იწყებს სახლების შენებას და ოჯახების შექმნას. ბავშვებს ასწავლის სამშობლოს სიყვარულს და აქამდე შემოინახა საქართველო - გმირების ქვეყანა.
ხო, აი ზუსტად ეგ ვერ გაიგო რუსეთმა რომ საქართველო გმირების ქვეყანაა და მისი ანექსია შეუძლებელია. ხორცით გაგვტეხეს, სულით ვერა, დავმარცხდით, თუმცა ისევ ვიწყებთ მკვდრეთით აღდგომას, ჩვენ ვიქნებით მარიამი, შოთა, ლუკა, ნინო, დავითი, საბა, თამარი... და ჩვენ ვიქნებით საქართველო. ჩვენ ჩავკიდებთ ხელს ოსებს, ლაზებს, აფხაზებს, ჰერებს და ისევ დავდგებით ერთად , ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, იმისთვის, რისთვისაც ამდენი ვაჟკაცი დაიღუპა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში...

ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო,
ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო ..."

ბაბუს შევხედე. თავი ხელებზე ჩამოეყრდნო, მეორე ხელით მე მეფერებოდა და ცრემლი მოგორავდა სათვალის სქელი მინების მიღმა.
-აი, შენი თემა "ჩანგლი გოგო" - შუბლზე მაკოცა და СССР-ის დროინდელი წითელი სანიშნი ბუხარში შეაგდო...


No comments:

Post a Comment