Wednesday, February 23, 2011

Snowflakes in Khashuri

იმდენი ხანი ვნატრობდი მოეთოვა, ფანჯრიდან რომ გავიხედე და ალუბლისხელა ფიფქები რომ დავინახე არ დავიჯერე და ისევ უკმაყოფილოდ ჩამოვაფარე ფარდა, მაგრამ სინამდვილე უკეთესი იყო. თოვდა და თოვდა დაუცხრომლად. იმ საღამოს იყო FB-ში სტატუს მესიჯების კორიანტელი რომ დადგა, მეც ყველა არახაშურელს შევახარბე თოვლის მოსვლა.
პასუხები:
-აუ, მარ მეც მინდა
-როდის მოთოვს აქაც
ერთმა გულბოროტმა სურათზე ასეთი კომენტარი დამიტოვა
-სად ხედავ გოგო თოვლს, ტალახია მარტო
ორი დღის მერე ირაკლი ხაშურში ჩამოვიდა და თავისი თვალით ნახა სპეტაკი თოვლით გადალესილი ხაშური, სპეტაკი იმიტო რომ ტალახი სულ არ იყო.
პატარა ბავშვებივით დავრბოდით  მე და ნუცა(უფრო მე). ორჯერ გავაკეთეთ "თოვლის ბაბუა" და ორჯერვე დაგვინგრიეს, ჩვენ ისევ ახალი შემართებით, ახლის გაკეთებას ვიწყებდით.
დილაობით ძალიან შემიყვარდა ქუჩაში ბოდიალი, ინგლისურზე რომ მივდიოდი ავტობუსიდან მარტო ხეებს მივჩერებოდი, უზარმაზარ ნაძვებს, თოვლის სიმძიმისგან წელში მოხრილებს და ტრასისკენ გადმოწოლილებს. რუსთაველის ქუჩა განსაკუთრებით ლამაზი იყო, ფეხდაუკარებელი ტროტუარებით და სამანქანო გზით. მერე მტელ სააკაძის ქუჩას სრიალით გავდიოდი, მე შენ გეტყვი, ფეხსაცმელი არ მიწყობდა ხელს თუ?! "ლიჟებივითაა" ჩემი აგები.
მერე შუქი ჩაქვრა და ორი დღე აღარ მოგვეკარა. iPod დამიჯდა და კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. თუმცა მაგ უშუქობის გამო იყო კომპიუტერს რომ შეველიე და ნუცა ორი ღამე ჩემთან რომ რჩებოდა.

ძალიან მიყვარს თოვა, ამიტომ მივახოხე  ტახტი ფანჯარასთან, ვიჯექი და ვუყურებდი როგორ თოვდა, ამეშალა ფიქრები და მოგონებები, თაბრუ დამახვიეს და თავიანთ თეთრ საბურველში გამახვიეს, გაკვეთილები უსწავლელი დამრჩა.
თოვლი რომ მიყვარს ხომ გითხარით?!
სოფელში, ეზოში დიდი ნაძვი გვიდგას. ზამთრობით, ღუმლის გვერდით, დივანზე ვიძინებდი ხოლმე. დილით ადრე რომ გამეღვიძა და სიწყნარეში მეყურებინა თოვლით დაფარული ხისთვის. სიამოვნებას მანიჭებდა თოვლის მკბენარა სიცივე, გაყინულები სახლში რომ შემოვვარდებოდით ხოლმე და ბაბუაჩემი ცხელ რძეს, ორცხობილას და ღუმელში შემწვარ შაქრის ჭარხალს რომ გვახვედრებდა ხოლმე. მერე გვიყვებოდა ძველ ამბებს, ტიპიური ბაბუა იყო რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარდა და რომელიც ძალიან, ძალიან დამაკლდა. ბევრია ისეთი "სიგოიმედ" რომ მიაჩნიათ ასეთი რაღაცეები, მე პირიქით, ახლაც დიდი სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე ბებიაჩემს თავისი მამის ამბებს რომ ყვება.
ბავშვობიდანვე მიზიდავდა ზამთრის ექსტრიმი. ციცაბოდან ციგებით რომ ვეშვებოდით, მერე ტრამპლინიდან ვხტებოდით და კისრების მომტვრევამდე ვგორაობდით თოვლში...
აი, ეხლაც გამიტაცა ბავშვობამ და მოგონებებმა, არ უნდა გავზრდილიყავი, არა!

ეხლა თოვლი ნელა იკრიფება მიწაში, მზემ ისევ გამოანათა ხაშურ-ქალაქში, ყინვებიცაა. მგონი ერთ კვირაში ისევ ვნახავ შიშველ, ყინვისგან გამომშრალ მიწას.

1 comment:

  1. საყვარელი ბლოგია,, ხაშური გამახსენა ყოველ ჩასვლაზე სხვადასხვანაირ ემოციას აღვიძებს ჩემში, ყოველ ჩასვლაზე სხვა მუსიასკ ითხოვს ორი ფაქტი ის რომ დავიბადე იქ და ის რომ არ მიყვარდა ეგ ქალაქი დროში ისე შეერწყა ერთმანეთს დღეს უკვე მსაიმოვნებს თოვლიან ქუჩებში სიარული და ზაპას მოსმენა... otar.tomadze@iliauni.edu.ge
    წარმატებები ..

    ReplyDelete