Wednesday, August 29, 2012

დავჯედ საწერად ამბისა...

   როგორც იქნა მოვრჩი მუშაობას და მაშინვე სოფლისკენ გავიქეცი, გავიქეცი და სახლის წინ წავიქეცი...
   როცა ჩემი სოფლის აღმართზე გადაუხვევ მაშნვე გეცემა ნამკალის სუნი, ზაფხულის მიწურულს როცა კალოები დაცარიელებულია... ავტობუსი ხომ კალოებს შუა მიღოღავს და გაცდის ბოლომდე შეიგრძნო ეს ყველაფერი...
  მიყვარს ჩემი სოფელი, თავისი ისტორიის, ჩემი ისტორიის გამო.
   წ ა ღ ვ ლ ი- სოფელი საქართველოში, შიდა ქართლში, მდინარე ლოპანისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 880 მ, ხაშურიდან 30 კმ. სოფელში უამრავი ნასახლარია, ასევე წაღვლის ციხე-კოშკის ნანგრევები (დავით აღმაშენებლის სამხედრო რეზიდენცია), წმინდა გიორგის და სვიმონ მესვეტის სახელობის  ეკლესია.
     მარიამ კილაძე მთელი ცხოვრების ზაფხულებს ვატარებ წაღვლში, ქვედა უბანში ჩემი მამის მშობლების სახლში, მე, ჩემი და და კიდევ ოთხი ბიძაშვილი თავიანთი მშობლებით სულ 14 კაცი... და ოჯახში სრული იდილია, სიმხიარულე იყო ხოლმე, რატომ მეგონა რომ ყველაფერი სამუდამოდ ასე იქნებაოდა?
   წელს მარტო ჩავედი, მარტომ შევიგრძენი ბზის და გადამხმარი ბალახის სუნიც და მარტო მე ამიჩქროლდა გული მარმარილოს ჯვართან ავტობუსის მომლოდინე ხალხის დანახვაზე... ისინიც ჩემები არიან ჩემი ისტორიის ნაწილები. ერთი შეხედვით, სოფლელი, ჩვეულებრივი ხალხი, მაგრამ ზუსტად ესეთებით სულდგმულობს სოფელი.             Here i am მე სახლში ვარ!

   ორღობის გავლით ჩავედი სახლში, ამ ორღობეში ჩემი ისტორიის კიდევ ერთი ნაწილი ქმართან ერთად ცხოვრობდა... ჩემი პირველი ექიმი... ლიდა ქვია, ნახევრად რუსი იყო. მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში მასთან მისვლა, არ მეზარებოდა უზარმაზარი აღმართის ამოვლა, ვიცოდი ეზოში უამრავი კატა დამხვდებოდა მალინა და მისი მომზადებული გოგრის გალეტები...
     მისი ქმარი აკაკი, რომელიც უზარმაზარი ულვაშით და სიმელოტით ყოველთვის ბაბუაჩემს მაგონებდა გარდაცვლილა და ჩემი ექიმი შვილებს წაუყვანიათ. ეზო-მიდამო მიტოვებული, უკვე გაპარტახების პირას მისულია... გული დამწყდა აბა რა, ვიღაცა უმოწყალოდ ცდილობს ყველაფერი ძველი განდევნოს ჩემგან.
   სახლში დამხვდა ბებიაჩემი, ყოველთვის იქაა და მინდა რომ სულ მომელოდეს ვიღაცა ჩემს სახლში... ბაბუაჩემის იქ აღარყოფნა საშინლად გადავიტანე,   ჩათვალეთ რომ სახლს ერთი საყრდენი გამოაცალეს და მასე დავრჩი მეც... ახლაც ვერ ვაცნობიერებ ბოლომდე რომ ამან ჩემს ბავშვობას ჩამომაშორა ჩემს ნამდვილ ბავშვობას...
   ხუთი დღე გავატარე სრულ იზოლაციაში, ვკითხულობდი, ვწერდი, ვჭამდი, მეძინა, ასე ვთქვათ შემოქმედებითი წვა მქონდა და ვამაყობ ჩემი თავით, დავბეჭდავ ალბათ იმათაც აქ,  "ფიქრები დამწყები ადამიანის ცხოვრებიდან"-გაგრძელებაა, თამამი გამომივიდა ცოტა, მაგრამ მგონი გავიზარდე უკვე ასეთი გრეხებისთვის .
   ძალიან მშჭირდებოდა ასეთი დასვენება ყველაფრისგან, პირველ რიგში ინტერნეტისგან, რომელიც ალბათ, აქ რომ არ წამოვსულიყავი შემიწირავდა:)) და დავისვენე...
   ჩემი ბიძაშვილი, სულის ადამიანი - გიორგი, აქ იყო, მაგრამ ვერ მოვახერხე მენახა წიგნის გადამკიდე...
 ოთხი დღის მერე კი ჩამოვიდა ჩემი და...
 ხუთი დღის მერე დაკო...
და ჩვენ დავიწყეთ ერთად დასვენება!

  ალბათ სიტყვები ცოტა იქნება იმდენი სიცილის, მხირულების, და დასამახსოვრებელი მომენტების  აღსაწერად რაც სამი დღის განმავლობაში მოვახერხეთ, დაკომ შეიძინა ახალი ნაცნობები, გიორგი, ნიკოლოზი, "ჟემშენი" და კიდევ უამრავი... მოასწრო ეგემა წყაროზე 'წუწე ფართის" მუღამი, წაეგო დაბნეულობისგან ჯოკერში, ან მოეგო "წესიერი" თამაშით... მე გავიგე რომ თურმე იმ მაგიდის ქვეშ, რომელიც ძალიან მაღალი მეგონა ვერ ვეტევი ისე რამე თუ არ წავარტყი:)), გავიგე რას ქვია დამწვრობისგან სიცხეს რომ მოგცემს, გავატარე უფრო ბევრი დრო და უფრო უკეთესად გავიცანი გიო, რომლის თვალშიც "მე ის მაღი აღარ ვარ" ასე აღარ მეძახის მას მერე რაც გავიზარდეთ და მწყინს... მიყვარდა ეს სახელი.
  მერე წამოვედით, გული დაგვწყდა...
  მე უფრო...
გავერთე მართალია, მაგრამ მე ყოველთვის მაქვს ნოსტალგია, მწარე ნოსტალგია ჩემი წარსულისა რომელიც იქ დარჩა, ბავშვებისგან გადაჭედილი სკამების ხატება, ბევრი სიცილი, უამრავი ხალხი, სილის გარტყმის ხმა სახეზე, კოცნები, ბნელ ქუჩებში სეირნობები და ეხლა ხალხი აღარაა სოფელში იმ ბავშებიდან უმეტესს, რომლებთან ერთადაც მთელ ღამეებს ვატარებდი ხოლმე ქუჩაში ვეღარც ვცნობ... და უმეტესობა ახლა უკვე დაოჯახებულია და ასეთი "სისულელეებისთვის" აღარ ცალიათ...
  მეორე დღეს კი რუსთავში წამოვედით მე და დაკო და ეხ უკვე სხვა თემაა და სხვანაირ განსჯას საჭიროებს:))))

4 comments:

  1. კარგია წაღვლელებთან რომ გაქვს ურთიერთობა.

    ReplyDelete
  2. ძალიან მომწონს შენი ჩანაწერები !

    ReplyDelete
  3. დიდი სიამოვნებით ვკითხულობ

    ReplyDelete