Wednesday, May 1, 2013

ჭიაკოკონა ანუ კიდევ ერთი ბავშვობისდროინდელი ისტორია

    ეხლახანს აღმოვაჩინე რომ მოგონებების ჩანთა, მითუმეტეს თუ ის სასიამოვნო წუთებით არის სავსე მძიმეა, რთულია, ყოველ გახსენბაზე რომ ნაწლავებს გიხლართავს და ხერხემალში გხრის...
   ჩემი ცხოვრება ხანგრძლივი მოგზაურობაა გასულ დროში, ჩემს ბავშვობაში, როცა  სამწარო ჩემს ქალაქს არ ცდებოდა და აქაც ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო...
   ჭიაკოკონა კიდევ ერთი დღე იყო ჩემი უბნელებისთვის რომ განსხვავებულად გაეტარებინათ საღამო, ყველამ იცოდა რომ წარმართული იყო, მაგრამ მაინც, ჯიუტად აგრძელებდნენ მის აღნიშვნას და ბავშვებსაც გვასწავლიდნენ.
   გაზაფხულზე მამაჩემი ვაზს რომ გასხლავდა ლერწამს კონებად დააწყობდა  უმეტესობას ინახავდა მწვადისთვის(მომავლისთვის),  დანარჩენს ცალკე გადააწყობდა, რათა აღდგომის წინა ოთხშაბათს საღამოს სახლის წინ დაგვეწვა...
  ბავშვებისთვის ეს ოთხშაბათი თენდებოდა ინსტრუმენტების და ტანსაცმლის ძებნით, ამპულების მოპარვით სამედიცინო ყუთებიდან და მეორე დღეს დაბანის მოლოდინით. დილიდანვე იწყებოდა მანქანის ძველი ბორბლების შეგროვებაც.

   შეღამებულზე ჭიშკართან გამოქონდათ ლერწმის კონები, გამონაკლისი იყო ჩემი ბავშვობის მეგობრების სოფოს და ლევანის ბებია, რომელიც ყოველთვის ეზოში ანთებდა ცეცხლს და უმეტესად  პირველიც ის იყო (ეველინა სულსწრაფია:))). ბავშვების ჯგუფიც იქით გავქანდებოდით და იწყებოდა თავდავიწყება, უბანში იყო შეჯიბრი დიდებს შორის - ვინ უფრო დიდ ცხეხლს ააბრიალებდა და ბავშვებს შორის - ვინ უფრო მაღალ ცეცხლზე გადახტებოდა.
  ვიმურებოდით, ვიცინოდით, ვხტუნაობდით, ნაკვერჩხალში ვტრიდით წამლის ამპულებს რომლებიც სკდებოდა  და ასე მოვივლიდით ხოლმე უბანს. მოხუცები ცდილობდნენ "კუდიანები" განედევნათ,


 კოცონისგან დარჩენილ ნაკვერჩხალზე უფროსები წვავდნენ მწვადებს და უბანში იშლებოდა მაგიდა, გამოძღომის შემდეგ ბავშვები არხის პირას მივდიოდით სადაც დღის განმავლობაში მოგროვილი ბორბლებით ვანთებდით უზარმაზარ კოცონს, სანამ პატარები ვიყავით  ეს ღამეული გართობა მხოლოდ კოცონის გარშემო უაზრო სირბილში და "დამლახუჭას" თამაშით შემოიფარგლებოდა, მერე და მერე კი ჩვენი "გონებაში ჩაგდება" და სასმელი მიემატა, უფრო მერე კი მხოლოდ ბიჭები დადიოდნნენ ხოლმე არხზე.   როცა ეს კოცონიც ჩაიწვებოდა, ვიცმევდით სახლში ნაპოვნ, ძველ ტანსაცმელს დავიჭერდით გარმონებს, დოლებს და ე.წ ჭონაზე მივდიოდით ჩვენს და მახლობელ უბნებში კვერცხების მოსაგროვებლად, რიტუალურ სიმღერებს მანამდე ვმღეროდით სანამ დიასახლისი კვერცხებს არ გამოგვიტანდა, ზოგი ძუნწი იყო სიმღერის ხმის გაგონებაზე შუქს აქრობდა სახლში, ზოგი იმდენ კვერცხს გვაძლევდა რამდენიც ვიყავით, ზოგი სამჯერ და ოთხჯერ გვამღერებდა დაზეპირებულ სიმღერას, შუაღამისას ყველაფერი მთავრდებოდა,  მოგროვილ კვერცხებს თანაბრად ვიყოფდით და ვიშლებოდით, ბავშვებს გვაძინებდნენ, დიდები აგრძელებდნენ ქეიფს.
   მეორე დილით, ოჯახში ყველაზე ადრე ამდგდარი ადამიანი, რომელიც არავის არ უნდა დალაპარაკებოდა, აგროვებდა ე.წ "უბირ წყალს" რომლითაც საღამოს ყველა წევრს უნდა დაებანა ტანი (მინიმუმ ხელები და სახე), ქალები აგროვებდნენ ნაცარს, კაცები ბახუზე გამოსასვლელ ადგილს ეძებდნენ, შემდეგ კი იწყებოდა ჩვეულებრივი მზადება აღდგომისთვის.
   ჩვენ გვრჩებოდა არაჩვეულებრივი მოგონებები, რომლის ფასსაც მაშინ ვერ ვარკვევდით და ვწუწუნებდით წინა ღამინდელ მაცხებზე,  მე მახსოვს რომ ერთხელ კოცონზე გადახტომისას ფეხი წამოვდე გახურებულ მავთულს და დავიწვი, ერთ წელს ჭიაკოკონობას ნუცის გრიპი ქონდა და ბაბუამისმა შალებში და მწვანე, სქელ პლედში გამოიყვანა გარეთ სკამით და შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს, ერთხელ ლევანიმ ვერ მოზომა მანძილი და შუა ცეცხლში ჩახტა და ერთხელ ჭონის დროს ჩვენი მეზობლის ძაღლი გამოგვეკიდა და კინაღამ დაგვგლიჯა...
   დღეს ჭიაკოკონაა... მართალი გითხრათ აქამდე არც გამხსენებია, ზედა სართულზე ავედი სულ ცოტა ხნის წინ ფილოსოფიის წიგნისთვის  და ბოლის სუნი რომ იდგა  მერე გამახსენდა, ქუჩაში სადაც 30-40 სახლი მაინც დგას მხოლოდ სამი კოცონი ენთო... ესეც ასე უბანი ცარიელია ჩვენგან, ანუ გაზრდილი ბავშვებისგან, პატარებს კი ალბათ უკვე ძინავთ, ციყელაშვილების სახლთან ლევანი დგას მანქანით და ბიჭები სიმღერებს უსმენენ, ჩვეულებრივი დღეა... საღამო.

2 comments:

  1. Ggamaxsene “kudianebis dRe” da rogor davdiodiT cecxliT ganaTebul quCaSi, unda vaRiaro miyvarda mag dros seirnoba da CemTvis “Wiakokona” asocirdeboda RamiT megobrebTan erTad cecxlwakidebul quCaSi seirnobasTan.  boloSi momewona faqti, rom: “ქუჩაში სადაც 30-40 სახლი მაინც დგას მხოლოდ სამი კოცონი ენთო…” kargia quCaSi koconebis raodenoba ase Tu Semcirda, sxvazre rom araferi vTqvaT haeri naklebad dabinZurdeba...
    p.s madloba, am dResTan dakavSirebuli mogonebebis gaxsenebisTvis. :*

    ReplyDelete
  2. არაფერს ჩემთვისაც ცოტა სევდიანი იყო რომ აღარ იქნება, მაგრამ რაც მთავარია მოხდა და მოგონებები მაინც ხომ გვაქვს... და რა არი იცი, ჩემი აზრით ჭიაკოკონას ჩვენს უბანში არავითარი რელიგიური დატვრითვა არ ქონია, უბრალოდ ეს იყო უბნის დღესასწაული, რომ ცდილობდა ყველა ერთად შეკრებილიყო კაცები ცალკე ქალები ცალკე და ბავშვები ხო საერთოდ

    ReplyDelete